2021 წლის მარტიდან, ღია ბანკინგის სერვისები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე.
„ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება. აღნიშნულის გათვალიწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სახვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. აღნიშნულის კარგი მაგალითია ღია რეგულირების ჩარჩო, რეგულირების ლაბორატორია, ციფრული ბანკის ჩარჩო, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტებზე ინტენსიური მუშაობა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციურად ფინანსური მომსახურების მიღება. რეგულირების ლაბორატორიამ ინოვატორულ ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება მისცა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სახის გამოცნობის ტექნოლოგიები გამოეცადათ და ფინანსური მომსახურეობის გაწევისას გამოეყენებინათ. ასევე, დისტანციური ფინანსური სერვისების წახალისების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირებისათვის მზადყოფნა განაცხადა და ციფრული ბანკის ბიზნესს მოდელიდან და რისკებიდან გამომდინარე ბანკის ლიცენზირების პროცესის მოქნილობა გაზარდა. ტექნოლოგიებისა და კონკურენციის გაზრდის მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ღია ბანკინგის პროექტი. 2021 წლის მარტიდან, ღია ბანკინგის სერვისები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა. პირველ ეტაპზე ინფორმაციის მიმოცვლის სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლის ბოლომდე სერვისების ნაწილში ღია ბანკინგის სრულად დაფარვაა დაგეგმილი. ასევე მოსალოდნელია, რომ ამავე პერიოდისთვის პროექტი ხელმისაწვდომი არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც გახდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, 2020 წელს წარმატებით დასრულდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მასშტაბური რეფორმა.
„2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონსა და 14 ივლისს მიღებული "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ორივე კანონპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და, ერთი მხრივ, სრულად შეესაბამება ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ საერთაშორისო პრაქტიკასა და IOSCO-ს პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ, მათში გათვალისწინებულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე და ქვეყნის მახასიათებლები. საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მუდმივი წევრობისთვის საჭირო ღონისძიებებს და ორგანიზაციის შესარჩევ კომისიასთან თანამშრომლობდა. აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს მოიპოვა და მუდმივ წევრობაზე განაცხადი 2019 წლის შემოდგომაზე წარადგინა. IOSCO-ს შესარჩევმა კომისიამ 2020 წლის ბოლოს დაასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის განაცხადის შეფასება და უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკი ორგანიზაციის მუდმივი წევრის სტატუსის მიღებას ელოდება. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება გრძელვადიანი პროცესია, განსაკუთრებით მცირე ზომის ქვეყნებისთვის. ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის საპენსიო რეფორმა, ასევე ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა რეფორმები კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობებია და შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოვიმკით“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2017 წლიდან თანდათანობით გაიზარდა.
„2020 წელს, მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველოს სუვერენული რეიტინგი თანდათანობით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-მდე გაზარდა. 2019 წელს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ "Standard&Poor's"-მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონემდე აწია, სტაბილური პერსპექტივით. იმავე წელს, მეორე დიდმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Ratings"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. COVID-19 პანდემიის მიერ ტურიზმზე და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს აქტივობებზე უარყოფითი ზეგავლენის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების გამო ფისკალური ზეწოლისა და საგარეო რისკების ზრდის გამო, 2020 წელს „Fitch Ratings"-მა და მიმდინარე წელს უკვე "Standard&Poor's"-მა ქვეყნის პერსპექტივა სტაბილურიდან უარყოფითამდე შეამცირა, თუმცა, რეიტინგი კვლავ "BB" დონეზე დატოვა. ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში რეიტინგის შენარჩუნება გამოწვეულია იმ წარმატებებით, რაც საქართველომ მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს ასეთი შეფასება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის მნიშვნელოვან გამოხატულებას ევრობონდების წარმატებით რეფინანსირებაც წარმოადგენს, რომლის კუპონი 2011 წლის გამოშვებასთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ შემცირდა (6.875%-დან 2.75%-მდე), მიუხედავად გლობალურად არსებული რისკებისა“, - განაცხადა გვენეტაძემ.