დავით ბაქრაძე: სავიზო პოლიტიკას სჭირდება სრულყოფა, რათა ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმზე უარყოფითად არ აისახოს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის აზრით, სავიზო რეჟიმის შესახებ კანონმდებლობა საჭიროებს შემდგომ სრულყოფას, რათა არ აისახოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და არ ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი ტურიზმის განვითარებაზე.

ბაქრაძის თქმით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა შესახებ კანონში" ცვლილებები უფრო მეტად კომპლექსური პროცესია, ვიდრე სავიზო რეჟიმის გართულება და გამარტივება და იგი მოიცავს მიგრაციის პოლიტიკის დარეგულირებას და კანონმდებლობის სრულყოფას. "ამ მიმართულებით გადაიდგა ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა. ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს შემდგომ სრულყოფას, რომ ეს არ აისახოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, არ ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი ტურიზმის განვითარებაზე, შესაბამისად ეს საჭიროებს მუდმივ პროცესს და სრულყოფას, რაც იგეგმება, მათ შორის იანვარშიც", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მორიგი ცვლილებების განხორციელება იგეგმება კანონმდებოლობაში და აღნიშნა, რომ ამას იანვარში გავიგებთ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" საქართველოს კანონში მორიგი ცვლილებები 2015 წლის იანვარშიც იგეგმება. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონი მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, რის შედეგადაც საქართველომ სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, თუმცა ამის შემდეგ კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ისევ სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ იქნა გადადგმული.