„ჩვენი სექტორისთვის ეს დახმარება არის სიკვდილის პირას მდგომ ადამიანს წყალს რომ მიაწვდი“  - ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაცია მერიის სუბსიდიაზე

"ჩვენი შემოსავლები ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ 20%-ზე არის დასული. ამიტომ ეს დახმარება სექტორის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. საუბარია თბილისის მერიის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გასართობი ცენტრები 5 000-5 000 ლარის დახმარებას მიიღებენ.

გიორგი მთიულიშვილის თქმით, 1-წლიანი დახურვის შემდეგ, გასართობი ცენტრების 30% ბაზარს ვეღარ დაუბრუნდა.

,,პანდემიამდე დედაქალაქში დაახლოებით 100 ობიექტი იყო, დღეს კი მათი რაოდენობა 70-ია. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მერია იყო ერთადერთი ორგანო, რომელმაც ჩვენი თხოვნის და აქციის გარეშე გადაწყვიტა დახმარება. რამდენიმე კვირის წინ, ისინი დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს მონაცემების გადაგზავნა, რათა ჩავესვით რომელიმე პროგრამაში, რაც მაშინვე ძალიან გაგვიკვირდა.

ჩვენი სექტორისთვის ეს დახმარება არის, სიკვდილის პირას მდგომ ადამიანს წყალს რომ მიაწვდი. ამით ჩვენ მეტ-ნაკლებად რაღაც ვალდებულებებს დავფარავთ. ჩვენი შემოსავლები ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ, 20%-ზეა დასული. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი იყო ეს სექტორის გადარჩენისთვის.

ჩვენს შემთხვევაში ეს იყო მერის ინიციატივა, რაც მისასალმებელია და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რეგიონებში დარჩა მთელი საქართველოს მასშტაბით 30-მდე ცენტრი. ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები მათ შემთხვევაშიც თუ გულისხმიერებას გამოიჩენენ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა მთიულიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 70-მდე ობიექტს დაეხმარება, რისთვისაც 350 ათასი ლარი დაიხარჯება. თითოეული ცენტრი კი დახმარების სახით 5 000-5 000 ლარს მიიღებს.

თამარ მუკბანიანი