ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძე გადადგომისკენ მოუწოდებს.
მამუკა ხაზარაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, განაცხადა, რომ ასეთი ანაზღაურების მენეჯერს ვერცერთი და არცერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც გვენეტაძე ლარის კურსისა და ინფლაციის ნაწილში დებს.
„ეროვნული ბანკის კანონის შესაბამისად, ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი, თუ რაზე არის პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი და მთლიანად საბჭო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ფულად საკრედიტო მონიტორინგი და ასევე ინფლაციის დონე. ჩვენ, როცა ვსაუბრობთ შედეგებზე, აუცილებლად შეფასება მიეცემა ეროვნული ბანკის მუშაობას, უნდა შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად, ან მადლობა გადავუხადოთ და ვუთხრათ, რომ ასე გააგრძელოს მუშაობა, ან პირიქით, საყვედური უნდა გამოვუცხადოთ და ა.შ. ამიტომ, მოდით, შევთანხმდეთ შეფასების კრიტერიუმზე, როგორ უნდა შეფასდეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს. გავმეორდები, რომ კარგად გაიგოს მოსახლეობამ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი იწერს პრემიას იმ შედეგების შემდეგ, რომელსაც ახლა მოგახსენებთ.
გამოვყოფ სამ საკითხს: პირველი - ლარის კურსი, რომელიც ბატონი გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს 40%- ზე მეტად გაუფასურდა. ეს თქვენი საქმეა ბატონებო და ნუ იტყვით, რომ ლარის სიმყარე თქვენ არ გეხებათ. მეორე, როდესაც ლაპარაკია შოკებზე, პირველი შოკი უნდა ეძებოთ ეროვნული ბანკის მმართველობაში. მეორე საკითხი ეს არის ინფლაციის დონე. თქვენ თუ იძახით, რომ ინფლაციის დონე არის ეროვნული ბანკის ამოცანა, თქვენ ინფლანციის დონე გაგექცათ სასწაულად. ვერ აკონტროლებთ ვერანაირ სამომხმარებლო ფასებს და ინფლაციის დონე დღეს ქვეყანაში გაქცეულია 7% -ზე მეტად. მესამე საკითხი - თქვენ, როგორც რეგულატორი ამავე დროს უწევთ რეგულაციას, კაპიტალის ბაზარს. გრძნობთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტს იმიტომ, რომ ერთის მხრივ, იყო რეგულატორი საფინანსო საკრედიტო რეგულაციების და მეორეს მხრივ კაპიტალის ბაზრის, რომელიც პირდაპირ პროპორციულად უნდა იყოს საბანკო სისტემის. საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მათ მოიძიონ ფული საკუთარი საქმიანობისთვის. ეს პირველ რიგში იწვევს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას, არცერთი კომპანია კაპიტალიზირებული არ არის საქართველოში და აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა - რა გააკეთეთ იმისათვის, რომ საფონდო ბირჟაზე სადაც 2000 ლარის გარიგება იყო სულ რაღაც 8 თვის განმავლობაში და ძალიან გთხოვთ არ მითხრათ, რომ ფონდები ივაჭრება. ფონდები არ არის ფასიანი ქაღალდები და შეცდომაში არ შეიყვანოთ მსმენელი. ლაპარაკია კორპორაციების მიერ გამოშავებულ ფასიან ქაღალდებზე. პრაქტიკულად თქვენ ეს მიმართულება მოკალით და ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს იმისათვის, რომ საერთაშორისო ბიზნესმა ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში. ბოლოს დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ ასეთი ანაზღაურების მენეჯერს ვერცერთი და არცერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც თქვენ დებთ. მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ იმ თანამდებობიდან, რომელსაც ყოველგვარი შედეგის გარეშე იკავებთ “, - განაცხადა ხაზარაძემ.