კობა გვენეტაძეს გადადგომისკენ მოვუწოდე -რეგულაციები, რომელიც მხოლოდ ამუხრუჭებდა ეკონომიკას, არის დღევანდელი ეროვნული ბანკის სავიზიტო ბარათი, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კობა გვენეტაძე თავის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს.
„მისი მმართველობის დროს ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს იმ ამოცანებს, რომელიც მისივე მოხსენებაში არის ჩამოთვლილი, რა არის ეს: ფასების სტაბილურობა - ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ამოცანას ვერ ასრულებს; მეორე- ეკონომიკის მაღალი და მდგრადი ზრდა და პირიქით, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კოლაფსი; მესამე - კაპიტალის ბაზრის განვითარება, ამ თვალსაზრისით სამარცხვინო შედეგები გვაქვს. მეოთხე - ლარის კურსი მისი მმართველობის დროს კატასტროფულად დაეცა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი ასეთი შედეგების პირობებში უნდა გადადგეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძისთვის არ არის დამაჯერებელი არგუმენტად პანდემიის მოშველიება.
„პანდემიამდე იქნა სრულიად მავნებლური რეგულაციები შემოღებული. იგივე ყბადაღებული შეზღუდვა, რომ 200 000 ლარამდე მხოლოდ ერთ ვალუტაში უნდა ყოფილიყო გაცემული სესხები, რამაც ადამიანებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომის შემცირება გამოიწვია, რამაც უარყოფითი შედეგი იქონია უძრავი ბაზრის განვითარებაზე, დეველოპერების ბიზნესზე, დიდი ბრძოლის და წნეხის შედეგად, ეს რეგულაცია იქნა შეცვლილი, მაგრამ ანალოგიური რეგულაციები, რომელიც მხოლოდ ამუხრუჭებდა ეკონომიკას, არის დღევანდელი ეროვნული ბანკის სავიზიტო ბარათი. ეს არის პრობლემა და ამიტომ შევაფასეთ მისი საქმიანობა მკვეთრად უარყოფითად,"- განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისათვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.