ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა, - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას გააკეთა.
„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის? არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მან ამის დასტურად საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ბანკის ორგანულ კანონი მოიყვანა.
"ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას? მაღალი დოლარიზაციისა და მაღალი იმპორტ დამოკიდებულობის პირობებში, ლარის 1%-ით ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე?"- მიმართა კოვზანაძემ კობა გვენეტაძეს და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.
ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.