რას გულისხმობს HACCP-ის სტანდარტი და ვისთვის არის მისი დანერგვა სავალდებულო

"HACCP-ის სისტემა არის გარანტია იმის, რომ რესტორანში (კვების ობიექტში) იწარმოება უვნებელი პროდუქტი და არის სურსათის უვნებლობის მაღალი მაჩვენებელი“,- ამის შესახებ სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ბეღელაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაცია, რომელიც 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის ამოქმედდა, პირველ რიგში, საკვებით ინტოქსიკაციის რისკებს შეამცირებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, მთლიანად სექტორისთვის. HACCP-ის სისტემა შევიდა ძალაში საცალო ვაჭრობის პუნქტებისთვის, სადაც ხდება ცხოველური წარმოშობის სურსათის პროდუქტების გადამუშავება. კონკრეტულად, ჰორეკა სექტორისთვის, საშაურმეებისთვის, საცხობებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის და ა.შ. ანუ, ყველა ისეთი ობიექტისთვის, სადაც ხდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამუშავება.

HACCP-ის სისტემა თავისი არსით არის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა. თუკი, აქამდე ბიზნესი სურსათის უვნებლობას საკუთარ ობიექტებზე ახორციელებდა კანონმდებლობით, რა თქმა უნდა, განაგრძობს ამ რეგულაციების შესრულებას, და ამავე დროს, ძალაში შემოდის საფრთხის ანალიზი და კრიტიკული წერტილების მართვის სისტემა.

რაც შეეხება დანერგვის პროცესს, საზოგადოების კვების ობიექტებისთვის, პრაქტიკიდან გამომდინარე, გრძელდება დაახლოებით 2-4 თვე. გააჩნია თავად ბიზნეს ოპერატორის შესაძლებლობებს. ამასთან, დანერგვის პროცესი არანაირად არ არის დაკავშირებული ხარჯებთან, რადგან აქ შეიძლება დასჭირდეთ მხოლოდ გარკვეული ტიპის კონსულტაციები, თუმცა ამის ვალდებულება ბიზნეს ობიექტებს არ აქვთ. თავადაც შეუძლიათ დამოუკიდებლად დანერგონ. HACCP-ის სისტემა საკმაოდ საჯაროა, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით, ასევე, ტარდება საჯარო შეხვედრები, ჩვენი ცენტრის, თუ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და სრულიად უფასოდ“,- განაცხადა მიხეილ ბეღელაძემ.

რაც შეეხება სისტემის მართვის პროცესს, სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კვების ობიექტები კანონმდებლობით ისეთ რეგულაციებს ასრულებდნენ, რომ HACCP-ის სისტემის 70-80% ისედაც შესრულებული აქვთ.

„უბრალოდ, ეს ყველაფერი უნდა მოიყვანონ წესრიგში, დოკუმენტაციის სახით. ამასთან, თანამშრომლების მზადყოფნა გამოაცხადონ, რომლებმაც უნდა მოახდინონ ამ დოკუმენტაციის ყოველდღიური აღრიცხვა, რათა შემდეგ, შემოწმების დროს, მოხდეს იმის დადგენა, რამდენად გამართულად მუშაობს სურსათის უვნებლობის სისტემა“.

HACCP-ის სისტემა არის გარანტია იმის, რომ რესტორანში (კვების ობიექტში) იწარმოება უვნებელი პროდუქტი და არის სურსათის უვნებლობის მაღალი მაჩვენებელი“,- განაცხადა მიხეილ ბეღელაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტს არ ექნება დანერგილი HACCP-ის სისტემა, როგორც მიხელ ბეღელაძემ განმარტა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს უფლება გაატაროს შესაბამისი სანქციები (ჯარიმა), მათ შორის, ობიექტს შეუწყვიტოს ფუნქციონირებს უფლება. თუმცა, პირველ ეტაპზე მოხდება გაფრთხილება.

ნინი ქეთელაური