Samsung Electronics-ის დაპატიმრებულ მფლობელს ჩიპების გლობალურმა დეფიციტმა შესაძლოა, თავისუფლება მოუტანოს

სამხრეთ კორეის უმსხვილესი კონგლომერატების ლიდერები პრეზიდენტ მუნ ჯეი-ინს Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი ლი უმცროსის შეწყალებას თხოვენ. ერთობლივ განცხადებას სააგენტო Reuters ავრცელებს. განცხადებაში მთავარ არგუმენტად მოყვანილია ის, რომ ქვეყანამ მიკროსქემების ინდუსტრიაში ლიდერობა უნდა შეინარჩუნოს.

„პრეზიდენტ მუნის თქმით, მას კარგად ესმის სირთულეები, რომელსაც კომპანიები აწყდებიან და მართალია, დეტალებს არ ჩაღრმავებია, მაგრამ როგორც ჩანს, შეწყალების იდეას ემხრობა. მან ჯერ კიდევ მარტში გამართულ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივ აზრს გაეცნობა,“ - წერს Reuters.

2017 წელს გაპრეზიდენტებამდე მუნ ჯეი-ინმა დაიფიცა, რომ სერიოზულ ეკონომიკურ დანაშაულებებს, როგორიც მექრთამეობა და ფულის მიტაცებაა, არავის აპატიებდა. სამართლის ექსპერტები აცხადებენ, რომ Samsung Electronics-ის ვიცე-ხელმძღვანელს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება აქვს, რადგან 30-თვიანი სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა. სამხრეთ კორეის კანონმდებლობით, სასჯელის ერთი მესამედი ვადის გასვლის შემდეგ, პირს უფლება აქვს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, თუკი პატიმრობის დროს ის სამაგალითოდ იქცეოდა.

ბიზნეს-ლიდერები ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ჩიპების გლობალური დეფიციტის პირობებში, სამხრეთ კორეამ მიკროსქემების ინდუსტრიაში წამყვანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს, რისთვისაც ჯეი ლი უმცროსის გათავისუფლება და მისი საქმიანობის გააქტიურება აუცილებელია.

„ნახევრადგამტარ ჩიპებს მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები სჭირდებათ, ასეთი გადაწყვეტილებების დაჩქარებულად მიღება კი მხოლოდ ხელმძღვანელ პირებს შეუძლიათ,“ - აცხადებს Samsung-ის მოწყობილობების განყოფილების ვიცე-თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი კინამ კიმი.

ვაშინგტონში პრეზიდენტ მუნ ჯეი-ინის ვიზიტის დროს აშშ-ს ლიდერმა, ჯო ბაიდენმა მას მიკროსქემების ინდუსტრიაში სამხრეთ-კორეული ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, Samsung Electronics-მა დაამტკიცა გეგმა, რომ აშშ-ში მიკროსქემების წარმოების ახალ ქარხანაში 17 მლრდ დოლარს ჩადებდა.

Samsung Electronics-ში ჯეი ლი უმცროსს უნიკალური პოზიცია უკავია: ის სამივე ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობს, რომლებიც ჩიპებს, სმარტფონებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებენ, ამიტომ კომპანიაში მფლობელის გარეშე მსხვილ ინვესტიციებზე გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

ჯეი ლი უმცროსი 30-თვიან საპატიმრო ვადას მექრთამეობისა და სხვა დანაშაულებისთვის იხდის. 27 აპრილს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ბიზნესის ლობისტთა ჯგუფის თხოვნა, ლის შეწყალების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ