თბილისში კონფერენცია "2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა – სამომავლო პერსპექტივები" იმართება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირის ორგანიზებით, კონფერენცია "2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა - სამომავლო პერსპექტივები" იმართება.

ღონისძიება სასტუმრო "თბილისი მარიოტში" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა გახსნა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და სხვა ოფიციალური პირები.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განუცხადა, სამინისტროს მიერ მომზადებული აღნიშნული პროგრამა, უმნიშვნელოვანესი სამთავრობო დოკუმენტია. მისივე თქმით, პროგრამა განიხილავს რეგიონების პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს. როგორც დავით შავლიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა დოკუმენტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროსაბჭოს მიერ და ევროკავშირიდან 30 მილიონ ევროიანი გრანტის გამოყოფის ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს, განსაკუთრებული ყურადღება კი თბილისსა და ქვეყნის დანაჩენ რეგიონებს, ასევე დედაქალაქის გარეთ მდებარე სასოფლო ურბანულ დანაყოფებს შორის არსებული უთანასწორობების აღმოფხვრას ეთმობა. უწყების განმარტებით, პროგრამა ასევე ადგენს საჭირო პირობებს ქვეყნის რეგიონების დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სისტემური ხელშეწყობისთვის შემდეგი სამი წლის განმავლობაში.

"2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა" საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 9 ივლისს დაამტკიცა.