ილონ მასკმა კომპანიები იმაზე მეტი მიკროსქემების შეძენაში დაადანაშაულა, ვიდრე მათ სჭირდებათ, რაც, საბოლოო ჯამში, მიწოდების ჯაჭვში ჩიპების უკმარისობას იწვევს.
„მიწოდების ჯაჭვი ჩვენი დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მიკროკონტროლიორი სქემების ხაზით. იმის შიშით, რომ მარაგი ამოიწურება, კომპანიები საჭიროზე მეტ შეკვეთებს აკეთებენ. ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, როცა მომხმარებლები პანდემიის პირველ დღეებში ტუალეტის ქაღალდს იმარაგებდნენ, ოღონდ, ეპიკური მასშტაბებით. მსგავსი არაფერი მინახავს,“ - წერს მასკი Twitter-ის გვერდზე. ის შეშფოთებულია, რომ ჩიპების დეფიციტი Tesla-ს მიწოდების ჯაჭვსაც დიდ ზიანს აყენებს.
კონსალტინგ-ფირმა AlixPartners-მა მაისში დათვალა, რომ მიმდინარე წელს ნახევრადგამტარი ჩიპების უკმარისობის გამო, ავტომწარმოებლები გაყიდვებიდან, დაახლოებით, 110 მლრდ დოლარს დაკარგავენ, რაც მანამდელ პროგნოზს 2-ჯერ აღემატება.
გასულ თვეს კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing-მა განაცხადა, რომ წელს მიკროკონტროლიორების წარმოებას 60%-ით გაზრდის, თუმცა ჩიპების მარაგი მომავალ წელსაც მკაცრად შეზღუდული იქნება.
Tesla-ს ავტომობილებზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩიპების მიწოდების ჯაჭვის ხარვეზებია. ამის გამო კომპანიამ სედან Model 3-სა და Model Y-ის ჯიპში მგზავრების სავარძლებიდან წელის დამცავი ფუნქცია ამოიღო, ხოლო სხვა ავტომწარმოებლებმა უარი თქვეს ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა ნავიგაციური სისტემები და ე.წ. ბრმა ზონების კონტროლის სარკეები.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ