რესტორნების 90%-მდე HACCP-ის სისტემის დანერგვას მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს

„პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არსებული რესტორნების 80-90% ვერ შეძლებს HACCP-ს სისტემის დანერგვას“,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამას აქვს პრაქტიკული და ინფრასტრუქტურული ვალდებულებები, რომელსაც ამ ვითარებაში, ობიექტები ვერ შეასრულებენ.

ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის HACCP-ის სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული სტანდარტი ევროკავშირის დირექტივაა.

„პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არსებული რესტორნების 80-90% ვერ შეძლებს HACCP-ს სისტემის დანერგვას. შეუძლებელია ამ რეალობაში ჩვენ მოვერგოთ ამ სისტემას. არა მხოლოდ „ჰორეკა“ სექტორზეა საუბარი, სხვადასხვა მიმართულებითაც მქონდა შეხება და ამიტომ ვამბობ. ამ პროგრამას აქვს პრაქტიკული და ინფრასტრუქტურული ვალდებულებები. ბიზნეს ობიექტები დიდწილად აკმაყოფილებენ გარკვეულ ნაწილს, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ მოქმდებს ობიექტი დღეს, ე.ი არის შემოწმებული. თუმცა, რაც შეეხება HACCP-ის სისტემას, აქ არის ძირითადად, ინფრასტრუქტურული პრობლემები. მაგალითად, სავალდებულოა პირობითად, იყოს გასახდელი თანამშრომლებისთვის, მცირე რესტორნებისთვის, კაფე-ბარებისთვის, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ან ახალი მიშენება უნდა გააკეთოს ამ რესტორანმა, ან ტერიტორია უნდა გამოყოს რაღაცის ხარჯზე. ასევე, არის ტრაპის ვალდებულება სამზარეულოში, რომელიც აქამდე არ იყო გაკეთებული. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ ტრაპის ვალდებულება რას ნიშნავს, მთლიანად რეკონსტრუქცია უნდა გაკეთდეს. ანუ რესტორანი რეალურად არ არის ნებისმიერ ადგილზე გახსნის შესაძლებლობა, ამას თავისი სტანდარტები სჭირდება და დღემდე ეს ვალდებულება სფეროს არ ჰქონდა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არ უნდა იყოს სავალდებულო და მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს, HACCP-ის სისტემის მქონე რესტორანში ურჩევნია თუ არა.

„მე ამას ვუყურებ, არა როგორც რესტორნის მეპატრონე და ბიზნესის წარმომადგენელი, არამედ, როგორც მომხმარებელი. HACCP-ის სისტემა არის მომხმარებელზე გათვლა, ის ისეთ გარემოში შედის, სადაც გარკვეული სტანდარტები არის დაცული. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ გარკვეული სტანდარტები დაცულია, მომხმარებელი შესაბამის არჩევანს თავად გააკეთებს. დღეს თვალი თუ არ დაიხუჭა, რესტორნების 80-90% ამას ვერ შეასრულებს. ეს საკითხი უბრალოდ ფურცელზე დაწერილი კანონი რომ არ დარჩეს, შესაძლებლობა უნდა მივცეთ, ვისაც უნდა HACCP-ის სტანდარტით იყოს აღჭურვილი და ვისაც არ შეუძლია, ის უკვე​ კონკურენციიდან გამომდინარე, ვალდებული იქნება, გარკვეულ პერიოდში დახვეწოს ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ნინი ქეთელაური