ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, შეუძლებელია დასახელდეს კონკრეტული მიზეზი, თუ რა ახდენს მოკლევადიან პერიოდში ლარის გაცვლით კურსზე გავლენას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით დადებითი მოლოდინებია, რადგან ეკონომიკამ ზრდა დაიწყო და ფინანსური სისტემა შექმნილ სიტუაციას კარგად უმკლავდება.
„თუ ახლანდელ სიტუაციას შევხედავთ, არის დადებითი მოლოდინები, ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება ამ სიტუაციას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეხმარება დადებით მოლოდინებს, რაც კურსზე მოქმედებს. ადრეც ვამბობდი, რომ არ გავაკეთოთ მოკლევადიან პერიოდზე დასკვნები. შევხედოთ, როგორი იქნება სიტუაცია და საბოლოოდ როგორ გამოვა ქვეყანა აქედან“,-განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის საკითხი დარეგულირდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია მოვთოკოთ. აქედან გამომდინარე ვიღებთ იმ ნაბიჯებს. როგორც კი დავინახავთ, რომ შერბილების საშუალება არის, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. ამას გვაჩვენებს ის განვითარება რაც იქნება“,-განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში მისი დღევანდელი მოხსენებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ისურვებდა, უფრო მეტად პროფესიონალური შეკითხვები მოესმინა.
„მესმის, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, სხვადასხვა პარტიები განიხილავენ საკითხებს, მაგრამ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არის აპოლიტიკური და დამოუკიდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვისურვებდი, ყოფილიყო უფრო მეტი პროფესიონალური შეკითხვები და არა პოლიტიკური ქულების დასაწერი. მე ამ დებატებში პოლიტიკოსებს ვერ შევყვები, ჩემი პასუხები იქნება მხოლოდ პროფესიონალური და ჩემ საქმიანობასთან“,-განაცხადა გვენეტაძემ.