მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 172 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კი - 154 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 172 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 154 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი ინფიცირების 13.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია.