ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით ქართული თხილის საწარმო პანდემიის დროს კვლავ იფუნქციონირებს

გატაცებით, სიზუსტით და ერთგულებით საქმიანობა მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – ეს არის დევიზი ქართული კომპანია „ჯტჯ პლას“-ის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კვების მრეწველობას საუკეთესო ხარისხის პროდუქციით ამარაგებს.

შპს „ჯტჯ პლას“-ი თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. საწარმო ყვარელსა და ზუგდიდში მდებარეობს და ჯამში 100-მდე თანამშრომელს ითვლის. გამოცდილი კადრების შემოკრებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა თუ მომსახურების მიწოდებამდე, დამფუძნებლებმა თითქმის 20 წელი გაატარეს თხილის სფეროში – იმუშავეს ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: ხარისხის მენეჯერი, თხილის შემსყიდველი, დამხმარე და სხვა.

დაგროვილმა კომპეტენციამ და ცოდნამ პირდაპირ იმოქმედა ბიზნესის განვითარებაზე – შედეგად, დღესდღეობით „ჯტჯ პლას“-ი შესაშური რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტებს, როგორიცაა თხილის გული, მოხალული თხილის გული, დაჭრილი მოხალული თხილის გული და სხვა. სამომავლოდ, “ჯტჯ პლას“-ი აპირებს თხილის პასტის მომზადებასაც. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

txii1-1622701611.jpg

მრავალწლიანი გამოცდილებისა თუ ადმინისტრაციის ძალისხმევის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიამ საწარმოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენა მაინც შეძლო. მთლიანად შეიცვალა „ჯტჯ პლას“-ის დღის წესრიგი – თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყვნენ, გართულდა პროდუქტის რეალიზაცია.

„წარმოება რომ არ შეჩერებულიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, თანამშრომლებს დისტანციის დაცვით ემუშავათ, შესაბამისად მოგვიწია მათი შემცირება, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობდით, უხელფასოდ არავინ დაგვეტოვებინა. ამას დაემატა გადაადგილებასთან და საბაჟოებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ჩვენს მძღოლებს უწევდათ თვითიზოლაციის წესების დაცვა, რამაც პირდაპირ გამოიწვია მომხმარებლებთან ტვირთის მიწოდების შეფერხება, სანაცვლოდ ისინი აგვიანებდნენ თანხის გადახდას. პარალელურ რეჟიმში უნდა შეგვესყიდა ნედლეული ადგილობრივი ფერმერებისგან, საჭირო გახდა დამატებით თანხების მოძიება, რათა შეგვენარჩუნებინა ბიზნესი,“- გვიყვება კომპანიის დირექტორი, ბაჩუკ თამლიანი.

txil123-1622701634.jpg

იმისათვის, რომ კომპანიას შიდა ბაზარზე ნედლეულის შესყიდვა და შედეგად შეუფერხებელი მუშაობა გაეგრძელებინა, დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩართულიყვნენ ევროკავშირისა (EU) და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის (EIB Group) ერთობლივ ინიციატივაში – ‘ევროკავშრის დაფინანსება ნოვატორებისთვის’ (InnovFin SME Guarantee Facility).

InnovFin, ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის, არის EIB ჯგუფის (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში ევროკომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. იგი მოიცავს EIB ჯგუფის დაფინანსების ინსტრუმენტებს და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად მოიცავს კვლევისა და ინოვაციების მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის გამართვას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) განვითარების ხელშესაწყობად.

პროგრამა, ადგილობრივი ბანკების შუამავლობით, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე, საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს, დაფარონ სესხის 50% და ხელს უწყობს მათ კვლევების, ინოვაციების და დიგიტალიზაციის დანერგვის პროცესში. კორონავირუსის პერიოდში კი, ბიზნესსაქმიანობის უკეთ ხელშესაწყობად, ეს გარანტია 80%-მდე გაიზარდა და კაპიტალბრუნვისთვის საჭირო ხარჯებიც მოიცვა.

txilii-1622701665.jpg

InnovFin-ის პროგრამა, ქართულ საწარმოებს სთავაზობს სესხის უფრო ხელსაყრელ პირობებს, ვიდრე ეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების შეთავაზება ხდება შემცირებული საპროცენტო განაკვეთით, და ამავდროულად სესხის დაფარვის უფრო გრძელი ან უფრო მოქნილი გრაფიკით, ასევე გირაოს შემცირებული მოთხოვნებით. ამასთან, სესხი გაიცემა მაღალი რისკის მქონე კომპანიებისთვისაც, რომელთა მხარდაჭერაც სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა. პროგრამაში მონაწილე ბანკები, პროკრედიტი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი აფასებენ პროექტებს მათი სტანდარტული საკრედიტო პოლიტიკის საფუძველზე, InnovFin-ის პროგრამის დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

„ჯტჯ პლას“-მა, InnovFin-ის პროგრამის ფარგლებში ნედლეულის შესყიდვის მიზნით, სწორედ კაპიტალბრუნვისთვის საჭირო მოკლევადიანი სესხი გამოიყენა. აღნიშნული დახმარების შედეგად, კომპანიამ შეძლო გაეხსნა თითქმის ორი თვით შეჩერებული საწარმო.

„გაწეული მხარდაჭერით ჩვენ შევძელით გაგვეგრძელებინა საქმიანობა – დროულად შევისყიდეთ ნედლეული, ფერმერებს შეფერხების გარეშე გადავუხადეთ თანხა, მომხმარებლებს კი ჩვეულ რეჟიმში მივაწოდეთ პროდუქტი. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების დაუგვიანებლად გადახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამაში ჩართვა ჩვენი საწარმოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“ – ამბობს ბატონი ბაჩუკი.

დღესდღეობით შპს „ჯტჯ პლას“-ში მუშაობა პანდემიის შედეგად არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ შეძლო დაბრკოლებების მიუხედავად გაეგრძელებინა ფუნქციონირება, ამით საწარმომ უზრუნველყო არამხოლოდ თანამშრომლების კეთილდღეობა, არამედ ყველა იმ ადამიანისა თუ კომპანიის, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იკვეთება მის საქმიანობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის დახმარებით ბიზნესსაქმიანობას უწყვეტად ვაგრძელებთ, ჯერჯერობით არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დღესაც ვსაჭიროებთ არსებული პროგრამით სარგებლობას. ახლა, როცა გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ InnovFin-ის საგარანტიო პროგრამაში ჩართვის გარეშე საწარმოს საქმიანობა სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. გვინდა შემთხვევით ვისარგებლოთ და საწარმოს სახელით მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფს“ – ბაჩუკ თამლიანი.

txili444-1622701708.jpg

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირის და ევროპის გუნდის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად კერძო სექტორისთვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ადგილობრივ ბანკებს 70 მილიონი ევრო გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაუჯობესებლად, ხოლო ახალი InnovFin-ის პროგრამა 250 მილიონ ევრომდე სასესხო პორტფელს ითვალისწინებს და ქართულ ბიზნესს პანდემიის კრიზისის დაძლევაში ეხმარება. დამატებით 100 მილიონი ევრო კი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა გამოყოფილი.

მთლიანობაში, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით, დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

https://www.facebook.com/watch/?v=331060878632360

(R)