ბერძნული კუნძული ასტიპალეა „მწვანე“ გახდება - მთავრობა პროექტს Volkswagen-თან ერთად ახორციელებს

საბერძნეთის მთავრობა ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ასტიპალეას „მწვანე კუნძულად“ გადააქცევს. ხელისუფლებისა და გერმანული ავტოკონცერნ Volkswagen-ის ერთობლივი პროექტი უკვე დაიწყო. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

პროექტის მიზანია, კუნძულზე ცხოვრების ყველანაირი ყოველდღიური საშუალება განახლებადი ენერგიით მუშაობდეს, დაწყებული ელექტროენერგიით, ტრანსპორტით დამთავრებული. კუნძულზე დღეს არსებული 1500 ავტომობილიდან 1000 დაუყოვნებლივ შეიცვლება ელექტრომობილებით, რისთვისაც კუნძულზე პირველი 6 დამტენი სადგური უკვე შეიქმნა. ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობა ელექტრომობილებისა და ველოსიპედების შესაძენად გრანტებს გამოუყოფს.

მთავრობას, ასევე, დაგეგმილი აქვს, რომ 2026 წლამდე კუნძულ ასტიპალეაზე ყველა ავტობუსი უპილოტო ანუ თვითმავალი იყოს. ამ მიზნით კუნძულის ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვლება და 5G-ის მხარდამჭერი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის წყაროებით ანუ ქარის ტურბინებით, ფოტოელექტროპარკითა და მრავალჯერადი დატენვის ბატარეებით ჰიბრიდული ელექტროსადგურების მოწყობა, რომლებიც კუნძულს ელექტროენერგიით 24 საათის განმავლობაში მოამარაგებენ.

Volkswagen-ს პროექტში წამყვანი როლი აკისრია. ავტოკონცერნმა ადგილობრივ პოლიციას, სანაპირო დაცვას, სამოქალაქო ავიაციის სამსახურსა და მუნიციპალიტეტს ელექტრომობილები საჩუქრად უკვე გადასცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ