მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილში კიდევ ერთი ქართველი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მოხვდა, მისი ქონება გაიზარდა.
აპრილში ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. დღეის მონაცემებით კი, ის რეიტინგში 711-ე პოზიციაზეა და ქონება 4.3 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
ცნობისთვის, „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილი გვხვდება, რომლის ქონებაც ამ დროისთვის, 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, მისი კომპანია, “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.
მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.
ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.
რაც შეეხება „ბლუმბერგს“, მიხეილ ლომთაძე მილიარდერების რეიტინგში ჯერჯერობით არ არის. ბიძინა ივანიშვილი კი დღეის მდგომარეობით რეიტინგში მე-500 ნომრადაა, მისი ქონება კი 5,92 მლრდ დოლარად არის შეფასებული.