უკრაინის პრემიერი - დარწმუნებული ვარ, რომ მიღწეული შეთანხმებები ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის იმპულსი იქნება

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის მიღწეული შეთანხმებები რეალიზებული იქნება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს არამხოლოდ გავაღრმავოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ამით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა და საქართველო ერთობლივი ძალისხმევით ძალიან დიდ შედეგებს მიაღწევს.

„მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრულად განვითარდეს ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები იქნება იმპულსი ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის, ერთობლივი საინვესტიციო ინფრასტუქტურული და ლოჯისტიკური პროექტების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას ტურიზმისა და კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეთანხმება იმის შესახებ, რომ აღიარებულ იქნას დოკუმენტები ვაქცინაციის შესახებ, რაც მაქსიმალურად გაამარტივებს საზღვრის კვეთას ჩვენი მოქალაქეების მიერ, რომლებიც დიდი სიამოვნებით ინახულებენ ჩვენს ქვეყნებს. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე და ჩვენი საქონელბრუნვა 2020 წელს 15,6%-ით შემცირდა, მაგრამ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით მინდა აღვნიშნო, რომ ისევ გაიზარდა 4%-ით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ ნეგატიური ტენდენციების გადალახვის მიზნით ჩვენ შევთანხმდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორის კომისიის მეათე ერთობლივ სხდომას და ასევე, უახლოეს მომავალში გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის სოფლის მეურნეობის და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები.

უკრაინას და საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი და ამიტომ ჩვენც შევთანხმდით, რომ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებას და ასევე, სატვირთო გადაზიდვებს ჩვენი ქვეყნების შავი ზღვის პორტებს შორის. მე გამოვხატე დაინტერესება საინვესტიციო თანამშრომლობის უფრო აქტიურ განვითარებაზე.

ამასთან, ენერგეტიკული უსაფრთხოება ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის, ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ე.წ.მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას. ეს და სხვა მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის მზად ვართ, რომ განვიხილოთ და მოვახდინოთ რეალიზაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის და სუამ-ის ფარგლებში, სადაც ჩვენ მსგავსი პოზიციები და მიდგომები გვაქვს ამ ორგანიზაციების შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით.

უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან დიდი ისტორია მჭიდრო კულტურული კავშირები და ხალხებს შორის კონტაქტები“, - განაცხადა დენის შმიგალმა.