სექტემბრიდან Apple-ის თანამშრომლები ოფისებში კვირაში, მინიმუმ, 3 დღე იმუშავებენ. ამის შესახებ ამერიკული კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომელსაც ინტერნეტ-პორტალი The Verge ავრცელებს.
„ვიდეოკონფერენციებმა ჩვენს შორის მანძილი შეამცირეს, თუმცა ყველაფერს ისინი ვერ ჩაანაცვლებენ,“ - წერს ტიმ კუკი თავის წერილში.
მისი თქმით, Apple-ის თანამშრომლების უმრავლესობა ორშაბათობით, სამშაბათობით და ხუთშაბათობით ოფისებში სავალდებულო წესით გამოცხადდებიან, დისტანციურად მუშაობა კი ოთხშაბათს და პარასკევს იქნება ნებადართული. თუმცა ცალკეულ თანამშრომლებს ოფისში გამოცხადება კვირაში ხუთივე დღეს მოუწევთ, რადგან სამუშაო პოზიციიდან გამომდინარე, მათთან „ტეტ-ა-ტეტ“ ურთიერთობა აუცილებელია.