25%-ით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა  - ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 25%-ით (24,6%) გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ - 218,853 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 97,524 მლნ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 121,328 მლნ დოლარი იმპორტზე მოდის. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, სავაჭრო ბრუნვა 175,525 მლნ აშშ დოლარი იყო, აქედან საქართველომ ექსპორტიდან 60,504 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, 115,021 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი კი, უკრაინისგან შეიძინა.

ამასთან, 2020 წელს საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა იყო 607,9 მლნ დოლარი, საიდანაც 217,396 მლნ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 390,504 მლნ დოლარი იმპორტზე მოდიოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რაც 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იყიდა და გაყიდა უკრაინაში.

იმპორტი:

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან -15, 268 მლნ აშშ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადის წნელები, შემდგომი დამუშავების გარეშე - 5,918 მლნ აშშ დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 5, 656 მლნ აშშ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას მიღებული- 5, 118 მლნ აშშ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი, სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 4,238 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 3,424 მლნ აშშ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 3,048 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 2,946 მლნ აშშ დოლარი
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცი - 2,293 მლნ აშშ დოლარი
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 2,048 მლნ აშშ დოლარი

ექსპორტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 28, 251 მლნ აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები -15,278 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 %-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 14,525 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები- 9,512 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები -6, 789 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური ან ქიმიური სასუქები, აზოტოვანი - 6,697 მლნ აშშ დოლარი
  • სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 5,977 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1, 190 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან -1,127 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 1,052 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაორმაგდეს.

„უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენი ამოცანაა, რომელიც ჩემს კოლეგასთან ერთად დავისახეთ, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით, სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და მოხარული ვიქნებით კიდევ მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნინი ქეთელაური