სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განხორციელდება.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, ორწლიანმა ზედამხედველობის პროცესმა კომპანიების მხრიდან საოპერაციო რისკის მართვის მიმართულებით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც აუცილებელი გახადა საერთო სტანდარტების შემუშავება.
„აღნიშნული ხელს შეუწყობს სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საოპერაციო რისკების შემცირებას, სექტორის უწყვეტ ფუნქციონირებას და კომპანიათა რეპუტაციის ამაღლებას ბაზარზე.
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, გადაწყდა მარეგულირებელ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
ცვლილებები ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და ამ პროცესების მიმართ მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. ასევე, უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება უზრუნველყოფის საგნის (ძვირფასეულობა, ტექნიკა თუ სხვა) მოპყრობისა და შენახვის სტანდარტებიც.
გარდა ამისა, დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად ზუსტდება რამდენიმე დებულება და წესი, რომელიც შეეხება როგორც ადმინისტრატორებისა და ბენეფიციარების მიმართ მოთხოვნებს, ისე უსაფრთხოების სისტემებს როგორც სესხის გამცემი სუბიექტების, ისე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ.
დაინტერესებული მხარეებისგან კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია, 2021 წლის 10 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: LE@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.