რუსეთი კეთილდღეობის ფონდიდან დოლარის ამოღებით იმუქრება

რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვის განცხადებით, მთავრობა ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან დოლარს ამოიღებს და ევროზე, ჩინურ იუანსა და ოქროზე გადავა. ამით კრემლი შეეცდება, შეამციროს ამერიკული აქტივების ზეგავლენა სანქციების მუქარის ფონზე.

მინისტრის თქმით, გადარიცხვა, რომელიც 119 მლრდ დოლარის ლიკვიდურ აქტივებს შეეხება, ცენტრალური ბანკის უდიდესი რეზერვების ფარგლებში მოხდება.

„კეთილდღეობის ფონდში ჩვენ ამ ცვლილების განხორციელება სწრაფად, სულ რაღაც ერთ თვეში შეგვიძლია. ცენტრალური ბანკი ამას ბაზრის ოპერაციების გარეშე შეძლებს,“ - განაცხადა ანტონ სილუანოვმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, რასაც სააგენტო Bloomberg ციტირებს.

Nomura International-ის სავალუტო სტრატეგი ჯორდან როჩესტერი აცხადებს, რომ ფედერაციის ცენტრალური ბანკი დოლარის აქტივების გაყიდვას მოკლე ვადაში ვერ შეძლებს და თუ აშშ-ს ხაზინის დარჩენილ ობლიგაციებს გაყიდის, ეს ბაზარზე გავლენას იქონიებს.

ნაციონალური კეთილდღეობის ფონდი დოლარში ლიკვიდური აქტივების 35%-ს ფლობს, რაც 41,5 მლრდ დოლარს შეადგენს. ასეთივე ოდენობის თანხაა ევროშიც, ხოლო დანარჩენი ნაწილი განთავსებულია იუანებში, იენებზე, ფუნტებსა და ოქროში. ცვლილების შემდეგ ფონდის აქტივები ევროში იქნება 40%, იუანში - 30%, ოქროში - 20%, იენსა და ფუნტში კი - 5%.

კეთილდღეობის ფონდი რუსეთის ნავთობის შემოსავლების დანაზოგს ინახავს და დეფიციტის კომპენსაციისთვის იყენებს, როცა ბაზარზე ფასები ვარდება. არალიკვიდურ აქტივებთან ერთად ფონდის საერთო ღირებულება 185,9 მლრდ დოლარია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ