სემეკი - „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მაისში მოქმედი ტარიფით მოხდება

ზოგიერთი პირის/ორგანიზაციის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მაისში მოქმედი ტარიფით მოხდება.

მათივე ცნობით, არსებული რეგულაციების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის წაკითხვა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ყოველთვიურად, თვეში ერთხელ განახორციელოს.

„კომპანია მრიცხველის წაკითხვას ახორციელებს მის მიერ განსაზღვრული აღრიცხვის ბლოკების შესაბამისად, (მაგალითად: 5 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით). იმ შემთხვევაში, როდესაც მრიცხველის წაკითხვის თარიღი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის მხოლოდ ახალი ტარიფის ამოქმედების პერიოდს, კომპანია ვალდებულია დარიცხვა განახორციელოს დღეების პროპორციულად, 2 პერიოდად, - ახალი ტარიფის ამოქმედებამდე პერიოდი და ამოქმედების შემდეგ პერიოდი.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრის ნომერზე 16 216, ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. ასევე, სემეკთან დაკავშირება შესაძლებელია Facebook-ზე კომისიის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.