კომპანიების ე.წ. შერწყმისა და შთანთქმის (Mergers and Acquisition-M&A) სფეროში გლობალური აქტივობა მესამე თვეა, მეტად მაღალია და მან მაისშიც რეკორდულ დონეს მიაღწია.
ფინანსური მონაცემების კვლევის კომპანია Refinitiv-ის ანგარიშით, იანვრიდან მაისში მსოფლიოში დადებული ან დაუსრულებელი ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2,4 ტრლნ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მარტო მაისში მთლიანად 532,9 მლნ დოლარის ხელშეკრულებები დარეგისტრირდა.
„M&A-ს სფეროში მაღალი გლობალური აქტივობა გამოიწვია დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა, კაპიტალის მკვეთრმა ზრდამ და გარიგეგბების დიდმა ინტერესმა იმ სექტორებში, რომლებმაც სტიმული კოვიდპანდემიიდან მიიღეს,“ - წერს სააგენტო Reuters.
5 თვის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 428 ხელშეკრულება დაიდო მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 131 გარიგება შედგა. წელს აშშ-ში M&A-ს ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 1,3 ტრლნ დოლარი, ევროპაში - 411 მილიარდი, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 387 მლრდ დოლარი შეადგინა.
„გაურკვევლობის პერიოდის შემდეგ ბიზნესი და ბიზნეს-მმართველები სწრაფი გაფართოების გზებს ეძებენ. კომპანიების შერწყმით ბიზნესი სწრაფად მწიფდება,“ - აცხადებს სარეკლამო-ტექნოლოგიური ფირმა Kubient-ის გენერალური დირექტორი პოლ რობერტსი.
ანალიტიკოსები, ასევე, ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა კერძო საინვესტიციო კომპანიებმა ბოლო წლებში დიდი კაპიტალის დაგროვება შეძლეს, რამაც „შერწყმა-შთანთქმის“ სფეროში აქტივობის მკვეთრი ზრდა განაპირობა.
AT&T-ის კუთვნილი Warner Media-ს და Discovery-ის შერწყმა წლის უმსხვილეს გარიგებად ითვლება, რადგან ახალი გაერთიანებული კომპანიის კორპორატიული ღირებულება 120 მლრდ დოლარზე მეტია.
ტექნოლოგიური სექტორი, რომელზეც კვარტალურად „შერწყმა-შთანთქმის“ გარიეგებების ყველაზე მეტი წილი მოდის, ლიდერობას წელსაც განაგრძობდა. ამ სექტორში 503 მლრდ დოლარის ხელშეკრულებები დაიდო, სამრეწველო-ინდუსტრიულ სექტორში - 255,1 მლრდ დოლარის, ხოლო ფინანსური მომსახურების კომპანიათა შერწყმის საერთო ღირებულება 250 მლრდ დოლარია.
Flippa.com-ის გენერალური დირექტორი ბლეკ ჰატჩისონი მოელის, რომ „შერწყმა-შთანთქმის“ სფეროში მაღალი აქტივობა წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
„უახლოეს მომავალში საბაზრო პირობებში არანაირი სენსაციური ცვლილება არაა მოსალოდნელი. ვგრძნობ, რომ სასმელისა და საკვები პროდუქტების სფეროში, ასევე, ელექტრონულ საცალო ვაჭრობაში შერწყმისა და შთანთქმის პროცესი კონსოლიდაციის წყალობით აყვავდება,“ - აცხადებს ჰატჩისონი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ