„დღეს ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა“ - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა

დღეს ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საბჭოთა პერიოდში სხვა საფასო პოლიტიკა მოქმედებდა და შესაბამისად, ჰესის აშენება დაჯდა „ძალიან იაფი“.

„თავის დროზე, ენგურჰესის აშენება დაჯდა 980 მლნ საბჭოთა მანეთი, ამას თუ დღეს დოლარის კურსზე გადავიყვანთ გამოვა 1,5 მლრდ აშშ დოლარი. ეს არის ძალიან იაფი. დღევანდელ პირობებში, ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა.

მოგეხსენებათ საბჭოთა დროს სხვა საფასო პოლიტიკა წარმოებდა. ძალიან იაფი იყო მუშახელი, ცემენტი, არმატურა და მშენებლობისთვის საჭირო სხვა მასალები. მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, ბორჯომი 20 კაპიკი ღირდა, ხოლო ბენზინი 8 კაპიკი. ამასთან, საბჭოთა ინჟინერს 350 მანეთი ჰქონდა თვიური ხელფასი. ამან განაპირობა, აშენების თანხების სიმცირე. კარგია, რომ ენგურის აშენება მოესწრო, ხუდონზეც რომ იგივე მომხდარიყო, სხვა ქვეყნებისკენ არ ვიქნებოდით ხელგაშვერილი ენერგეტიკულად.

ხუდონს თავისი ძირითადი ფუნქციის, ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა ჰქონდა სხვა ფუნქციაც, მასში დაგროვილი წყალი ზამთარში დამატებით გამოიმუშავებდა ენგურ და ვარდნილ ჰესებზე 180 მლნ კვტ-სთს. ამასთან, ნატანსაც და ქვიშასაც ამცირებდა და ამით ახანგრძლივებდა „ენგურჰესის“ მუშაობას კიდევ რამდენიმე ათეული წლით. სამწუხაროდ, მაშინ პოპულიზმმა მოიცვა ქვეყანა და გადაწყვიტეს, რომ მწვანილი და ბორჯომი გვასაზრდოებდა და ჰესები საჭირო არ იყო“, - განაცხადა მებონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. „ენგურჰესის“ დადგმული სიმძლავრეა 1 300 მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი საშუალოდ, 3-დან 4 მლრდ კვტ-სთ.

შპს ენგურჰესის და მისი შვილობილი კომპანიის, შპს ვარდნილჰესების კასკადის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

შედარებისთვის, „ნამახვანჰესის“ საინვესტიციო თანხა 800 მლნ დოლარია. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მონაცემებით, ჰესის ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კასკადის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1,496 მლრდ კვტ-სთ.

თამარ მუკბანიანი