ადამიანებთან ერთად ბიზნესიც უნდა აიცრას

საქართველოში ძალიან ბევრი კომპანია იწყებს ბიზნეს საქმიანობას და მოკლე პერიოდის შემდეგ ჩერდება, ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებსაც უჭირთ პოზიციონირება და მუდმივად „ცეცხლის ჩაქრობის“ რეჟიმში არიან.

რატომ ვერ ფუნქციონირებს ბიზნესი ჯანსაღად საქართველოში?

ბევრი მსჯელობა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კულტურა არ არსებობს, ან კი როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც წარმატებული ბიზნესის მაგალითები თითზე ჩამოსათვლელია?! დამწყებ ბიზნესს არ ჰყავს მისაბაძი მაგალითი, ვერ პოულობს და შესაბამისად ვერც ხელმძღვანელობს ჯანსაღი ბიზნესის მაგალითებით. საერთაშორისო გამოცდილება გასათვალისწინებელია, თუმცა ქართულ კულტურას, ტრადიციებს, მიდგომებს ვერ ერგება ხოლმე. არაერთი მაგალითი ვიცით იმისა, თუ როგორ ვერ გაუძღვა ბიზნესს საქართველოში ჩამოსული უცხოელი კვალიფიციური ხელმძღვანელი, და მაინც, რისი ბრალია ეს ყველაფერი? შევეცდები ძირითადი პრობლემები დავასახელო - მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი.

· დაბერებული ბიზნესი

დღევანდელ რეალობაში არსებული და მოქმედი ბიზნესმენების უმრავლესობა იმ პერიოდში გაიზარდა და დააგროვა კაპიტალი, როდესაც საქართველოში თითქმის არანაირი ინსტიტუცია არ მოქმედებდა, კორუფციული გარიგებების გარეშე ვერ ხერხდებოდა კომპანიის ფუნქციონირება, იმავე წესებით უნდა გეთამაშა, რა წესებიც დამკვიდრებული იყო ქვეყანაში. ბიუჯეტში თითქმის არავინ იხდიდა გადასახადს, არ იდებოდა ხელშეკრულებები, არ არსებობდა ვალის ამოღების კანონიერი ბერკეტები, საერთოდ სისტემა არ მუშაობდა. ასეთ პერიოდში მოღვაწე საქმოსნის - დღეს შეცვლა - ურთულესი ამოცანაა, მიჩვეული ძალიან რთულად გადაეჩვევა. სწორედ ასეთი წარსულგამოვლილი ადამიანები გვევლინებიან დღეს უმეტესი ბიზნესის ხელმძღვანელად და არც ცდილობენ მიდგომის შეცვლას, ჰგონიათ, რომ სხვაგვარად ვერ გადარჩებიან. რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდა, დამწყებმა ბიზნესმენმა ასეთი ადამიანებისგან?! ბიზნესი დაბერდა, აუცილებელია სადავეები ისეთმა ადამიანებმა აიღონ ხელში, რომლებიც კანონს პატივს სცემენ, რომელთათვისაც ტყუილზე აგებული ბიზნესი მიუღებელია, რომლებიც არაკორუფციულ გარემოში გაიზარდნენ.

· ემოციური გადაწყვეტილებები

ინვესტორების უმეტესობა ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას ემოციურ დონეზე იღებს, უბრალოდ მოსწონს იდეა და მზად არის დაიწყოს ბიზნესი. არ ატარებს კვლევას, არ იღებს რჩევებს შესაბამისი კონსულტანტებისგან. ჰგონიათ, რომ მათი იდეა უნიკალური და ექსკლუზიურია, რადგან არ იღებენ ინფორმაციებს ქვეყანაში და მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე. ვამართლებ იმ თეორიას, რომ წარმატებული ანტერპრენერი რთულად იქნები, თუ ძალიან ბევრი ინფორმაცია არ მიიღე, არ იკითხე სიახლეები, არ მიიღე რჩევები, არ გაიზიარე სხვისი გამოცდილება. ჩემი აზრით, ემოციური გადაწყვეტილებები გვერდზე უნდა გადავდოთ და სანამ ბიზნესს დავიწყებთ, გავიაროთ კვლევის და დაგეგმვის ეტაპი.

· მცირე ეკონომიკა

ჩვენს ქვეყანაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით 2021 წელს, კოვიდ პანდემიის პერიოდში, ბევრი სტარტაპი შეიქმნა. საკურიერო მომსახურებები, საკვებისა და სასმელების წარმოება, სამკერვალოები, ტექნიკა, საიუველირო ნივთები, გასართობი თამაშობები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა. ისინი თავიანთი პროდუქტის რეალიზაციას, ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით ახორციელებენ. ჩემი აზრით, ძალიან მალე მიწოდება გადააჭარბებს მოთხოვნას, საქართველო ჰო ძალიან პატარა ქვეყანაა, პროდუქტის რეალიზაციის ბაზარიც მცირეა. 8 ან 9 მაღაზიათა ქსელს აქვს მოცული მთელი ქვეყანა და ამ ქსელებში შესვლაც ურთულესია. სტარტაპი უბრალოდ ვერ გადაიხდის მაღაზიაში შესვლის გადასახადსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ქეშბექებსა და სხვა მარკეტინგულ საკომისიოებზე, რასაც მაღაზიათა ქსელები ითხოვენ. გარდა ამისა, როგორც იცით, ქსელები დებიტორულ დავალიანებას „ყინავენ“, ანუ დებიტორული დავალიანების ამოღების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. სტარტაპების ბრძოლაში უფრო მეტი კაპიტალის მქონე კომპანიები გადარჩებიან საბოლოოდ. გამოსავალი საექსპორტო პროდუქტსა და მომსახურებაში უნდა ვეძებოთ, აუცილებელია, რომ სტარტაპმა გათვლა საექსპორტო ბაზარზე გააკეთოს, იფიქროს გლობალურ ბაზარზე, ნაცვლად ლოკალურისა.

· არასაკმარისი ჩართულობა

ხშირ შემთხვევაში, მცირე სტარტაპებს ადამიანები პარალელურად იწყებენ, ანუ მათი ძირითადი სამუშაო ადგილი არ არის მათ მიერ შექმნილი ბიზნესი და ეს ლოგიკურიც არის, ისინი ვერ მიდიან რისკზე, რადგან დეფოლტის ალბათობის შემთხვევაში შემოსავლის გარეშე რჩებიან, ახალი სამუშაო ადგილის პოვნა კი რთულია საქართველოში. სტრატაპი პატარა ბავშვივით არის, მას დასაწყისში სჭირდება მოვლა, ყველაზე დიდი დრო, ფიქრი, დაგეგმვა, აღსრულება და ა.შ. ნებისმიერ ინიციატივას სჭირდება შრომა წარმატების მისაღწევად (მით უმეტეს დიდი კონკურენციის პირობებში). სამწუხაროდ, ბიზნესის გაფეილების ხშირი მიზეზი სწორედ დროის უკმარისობაა. დამწყებ ბიზნესმენს უნდა ესმოდეს, რომ პარალელურად ბიზნესის კეთება და სრული განაკვეთით სხვა სამსახურში მუშაობა რთული ამოცანაა.

· ფინანსური მენეჯმენტის გაუმართაობა

ამ თემაზე ქუდოს ჯორჯიას პარტნიორები ძალიან ბევრს საუბრობენ და დიდ ყურადღებას ამახვილებენ. ბიზნესის დეფოლტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ფინანსური მენეჯმენტის გაუმართაობაა. ხელმძღვანელობა უბრალოდ ვერ ხედავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და შესაბამისად ვერც მომავალს გეგმავს შესაბამისად. მენეჯმენტმა უნდა გაითავისოს, რომ სავალდებულოა კომპანიაში ფინანსური დეპარტამენტის მოწესრიგება - სწორედ ეს დეპარტამენტია კომპანიის ბირთვი.

· ალტერნატიული კაპიტალის ბაზრების არარსებობა

საქართველოში ბიზნესის მიერ დაფინანსების მიღების ერთადერთი წყარო კომერციული ბანკის სესხია. სავალდებულოა და აუცილებელი, რომ შეიქმნას ალტერნატიული კაპიტალის ბაზრები, უმჯობესია, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები შემოვიდნენ ქვეყანაში, რომლებიც ბიზნესს დააფინანსებენ, გახდებიან ბიზნესის თანამესაკუთრეები, შემოიტანენ მართვის ახლებურ კულტურას. ეს ფაქტი ბიზნესს ამოასუნთქებს, შეცვლის მიდგომებს. ალტერნატიული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ქუდოს ჯორჯიას პარტნიორებს მუდმივად გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა საინვესტიციო ბანკთან და ვცდილობთ დავაფუძნოთ მათი წარმომადგენლობები ჩვენს ქვეყანაში. ხაზგასმით მსურს განვაცხადო, რომ ალტერნატიული კაპიტალის ბაზრის განვითარება აუცილებლად ამოასუნთქებს ჩვენს ეკონომიკას.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ადამიანებთან ერთად ბიზნესის აცრაც საჭიროა, ბიზნესი უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს, შეიცვალოს მიდგომები. სწორედ ცვლილებებს მოაქვთ სრულყოფილება - განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი.