როდის აისახება ლარის გამყარება ფასებზე

ბოლო ორ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით, თითქმის, 40 თეთრით გამყარდა, რაც მოსახლეობაში აჩენს კითხვას, როდის აისახება ეს ფასებზე. როგორც „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, წელს ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფასებს „რაიმე ეშველოს“. მისი თქმით, ზოგადად, ლარის გამყარება ფასების ზრდის დინამიკას აკავებს, თუმცა, მომდევნო თვეებში გვაქვს წინა წლიდან გადმოყოლილი ე.წ დაბალი საბაზრო ეფექტი. კერძოდ, წინა წლის მეორე ნახევარში, სუბსიდიების გამო, შედარებით დაბალი იყო ინფლაცია. შესაბამისად, საკამათოა, წლიური ინფლაციის შემცირება წელსვე იქნება შესაძლებელი თუ არა.

„ცალსახად გაუმჯობესებულია როგორც მაკრეკონომიკური მაჩვენებლები, ისე რაც მთავარია, მოლოდინები. თქვენ იცით, რომ წელს ეკონომიკის ზრდის ბოლო პროგნოზი გვქონდა 5,5% და ეს საკმაოდ ოპტიმისტურად ითვლებოდა. თუმცა, დღეს უკვე ვეთანხმებით განახლებულ პროგნოზებს, რომ წლევანდელი ზრდა 6-7%-ის ფარგლებში იქნება, შესაძლებელია ცოტა მეტიც. სავალუტო მიმართულებით რაც შეიძლება ითქვას, ცალსახაა, რომ გაუმჯობესებულია ექსპორტის მიმართულებები, ასევე ტურიზმის მაჩვენებლები, იცით, რომ გზავნილების ზრდამაც რეკორდი მოხსნა.

თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმპორტიც იზრდება. აქ სხვა ფაქტორები არის ასევე მნიშვნელოვანი. მაგალითად, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა პოლიტიკა და ლარი გახდა უფრო ძვირი. ბუნებრივია, უფრო ძვირი, ნიშნავს უფრო ცოტას, სამაგიეროდ, იმის გამო, რომ ჩვენ მულტისავალუტო სისტემაში ვოპერირებთ, უკვე აპრილიდან (მაისის მაჩვენებლები სამწუხაროდ, არ გვაქვს), გააქტიურებულია სავალუტო დაკრედიტება, რაც არის პირველი შემთხვევა, 2019 წლიდან მოყოლებული. იმიტომ, რომ 2019 წლიდან ძირითადად იყო ლარის დაკრედიტება. რაც, რა თქმა უნდა, რისკია, თუმცა შექმნილ სიტუაციაში, ეს არის ინტერვენციის ტოლფასი.

რაც შეეხება ფასებს, მასზე კურსს ყველაზე დიდი გადაცემა აქვს. თუმცა, წელს ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფასების ზრდას რაიმე ეშველოს. იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ფასების ზრდის დინამიკას, ეს გამყარება მნიშვნელოვნად შეაკავებს, მაგრამ მომდევნო თვეებში გვაქვს წინა წლიდან გადმოყოლილი ე.წ დაბალი საბაზრო ეფექტი. აქ იგულისხმება ის, რომ წინა წელის მეორე ნახევარს თუ შევხედავთ, შედარებით დაბალი იყო ინფლაცია. მაგალითად, დეკემბერში საკმაოდ დაბალი იყო ინფლაცია, სუბსიდიების გამო. ამიტომ, საკამათოა, წლიური ინფლაციის შეკავებას და შემცირებას, ჩვენ წელსვე შევძლებთ თუ არა. სხვა საკითხია ის, რომ თუ ცოტა უფრო წინ გავიხედავთ, თუ ასე გაგრძელდა გამყარება დიდი შანსია, რომ 2022 წელს დეფლაცია მივიღოთ, რაც ბევრის აზრით და მათ შორის, ჩემიც, საქართველოს რეალობაში შესაძლოა, დიდი ტრაგედია არ იყოს. როგორც იცით, განსაკუთრებით მოკლე პერიოდში მაღალი ინფლაცია ყოველთვის გამყარების მოლოდინს იძლევა იმ გაგებით, რომ გამკაცრდება პოლიტიკა და კურსი გამყარდება და როდესაც მოლოდინები პირიქითაა, საპირისპირო ხდება.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და როგორც 3 და 4 ნიშნულზე არ უნდა წავყოლოდით დიდი პესიმიზმის პროგნოზებს, ახლაც ძალიან ოპტიმიზმისკენ არ უნდა გადავიხაროთ“- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ნინი ქეთელაური