ანალიტიკური პლატფორმა Statista.com იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც დედებს ყველაზე ხანგრძლივი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება აქვთ.
UNICEF-ის მოხსენების მიხედვით, დედების დეკრეტული შვებულება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა. „ის დედებს საშუალებას აძლევს მშობიარობის შემდეგ აღიდგინონ ძალები და დრო ახალშობილებთან გაატარონ. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მათ ფინანსურ კეთილდღეობას უწყობს ხელს და სამსახურის შენარჩუნებაში ეხმარება“-ნათქვამია მოხსენებაში.
რეიტინგში პირველ ადგილს ესტონეთი იკავებს, სადაც მოქალაქეებს დეკრეტული შვებულებით სარგებლობა 85 კვირის განმავლობაში შეუძლიათ.
ესტონეთს უნგრეთი მოჰყვება, სადაც დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 72 კვირას შეადგენს. მე-3 ადგილზე კი ავსტრიაა 51 კვირით.
პლატფორმის მიხედვით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ახალი გვინეა და ომანი, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება საერთოდ არ არსებობს. დედებს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობა აშშ-ის მხოლოდ 12 შტატში შეუძლიათ, რაც ადგილობრივი მთავრობის მიერ არის მიღებული და მთელს ქვეყანაზე არ ვრცელდება.
ქვეყნების სია, სადაც ყველაზე ხანგრძლივი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებაა, ასე გამოიყურება.
1. ესტონეთი - 85 კვირა
2. უნგრეთი - 72 კვირა
3. ავსტრია - 51 კვირა
4. გერმანია - 43 კვირა
5. იაპონია - 36 კვირა
6. შვედეთი - 35 კვირა
რაც შეეხება საქართველოს, შრომის კოდექსის მიხედვით, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 183 კალენდარულ დღეს შეადგენს, რაც დაახლოებით 25 კვირას უდრის.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საერთო ჯამში ქალები მაქსიმუმ 1 000 ლარს მიიღებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო მათი შემოსავალი მშობიარობამდე.