,,მკითხაობაა და ვერავინ იტყვის გაგრძელდება, ან შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია და რას იზამს ლარი ხვალ. ეს სრულადაა დამოკიდებული ადამიანების ეკონომიკურ ქცევაზე“- ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ლარის გამყარების შეფასებისას საუბრობს.
სპეციალისტმა ის ფაქტორები დაასახელა, რამაც ლარის ნახტომისებური გამყარება გამოიწვია.
,, ზოგადად, როდესაც კურსი ასე მერყეობს, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკის ნიშანი. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ბოლო თვის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2019 წელთან შედარებითაც კი 20%-ს აღწევს, რომ არაფერი ვთქვათ პანდემიურ 2020-ზე. ასევე, ნახტომი გვაქვს ფულადი გზავნილების ზრდაში, გაზრდილია ექსპორტი და გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკა. ასე რომ, ამ ფაქტორთა ერთობლიობა, აუცილებლად გამოიწვევდა ლარის გამყარებას.
ახლა, მკითხაობაა და ვერავინ იტყვის გაგრძელდება, ან შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია და რას იზამს ლარი ხვალ. ეს სრულადაა დამოკიდებული ადამიანების ეკონომიკურ ქცევაზე, მასში ჩართულობაზე. რამაც სამომავლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა განაპირობოს“, - განაცხადა ცომაიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისათვის, ეროვნული ბანკის მიერ 4 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი დოლარი 3,15 ლარია. ცნობისთვის, ლარი დოლართან ასეთი გამყარებული 2020 წლის 16 სექტემბრის შემდეგ (3,1547) არ ყოფილა.