ვენეციაში პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი საკრუიზო ლაინერი გამოჩნდა

ВВС-ის ცნობით, ვენეციაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი საკრუიზო ლაინერი შევიდა. MSC Orchestra-მ ბორტზე შაბათს 650 მგზავრი უნდა აიყვანოს და სამოგზაუროდ ხმელთაშუა ზღვაში გაცუროს.

ყველა მგზავრი ვალდებულია, კორონავისრუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბორტზე არ დაიშვებიან.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემებს ვენეციის ისტორიულ ცენტრში მოძრაობა ეკრძალებათ. ორი წლის წინათ საკრუიზო ლაინერი MSC Opera ვენეციის ერთ-ერთ ნავსაყუდელში ტურისტულ ნავს შეეჯახა. მართალია, ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა, მაგრამ ცნობილმა სახეებმა და კულტურის მოღვაწეებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომ ვენეციაში დიდი გემების გაჩერება აკრძალულიყო.

იტალიის მთავრობის მიმართ გაგზავნილი წერილი ვენეციის მემკვიდრეობის ფონდმა მოამზადა და მას, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, ხელს აწერდნენ მომღერალი მიკ ჯაგერი და რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა. წერილში ეწერა, რომ ვენეცია საფრთხის ქვეშაა და ისტორიული ქალაქი შესაძლოა, საკრუიზო ლაინერებმა წალეკოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ