2014 წლის ყველაზე ნახვადი რეკლამები YouTube-ზე

უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგმა YouTube 2014 წლის ყველაზე ნახვადი სარეკლამო რგოლების რეიტინგი წარმოადგინა.

YouTube-ის ხელმძღვანელთა განცხადებით, საერთო ჯამში რეიტინგის ათეულში მოხვედრილმა სარეკლამო ვიდეორგოლებმა 425 მილიონი ნახვა დააგროვეს. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს სარეკლამო ვიდეორგოლების ნახვა 50%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენივეთი გაიზარდა მათი ქრონომეტრაჟი.

2014 წლის ყველაზე ნახვადი ვიდეორეკლამების ათეულში მოხვდნენ ისეთი კომპანიების პროდუქციის ვიდეორეკლამები, როგორებიც ”ბუდვაიზერი”, ”სამსუნგი” და Nike არიან. რეიტინგის სათავეში Nike-ის სარეკლამო რგოლი მოხვდა, რომელმაც 99,6 მილიონი ნახვა დააგროვა.

Nike-ის სარეკლამო რგოლი Nike Football:Winner Stays კომპანიამ აპრილში გამოუშვა. რგოლში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები მონაწილეობენ, როგორებიც რონალდო, ნეიმარი, რუნი, იბრაჰიმოვიჩი და ინიესტა არიან. თუმცა, სარეკლამო რგოლის პოპულარობა არა მხოლოდ ცნობილ ფეხბურთელებს, არამედ რგოლის იდეასაც უკავშირდება. იდეა კი შემდეგია - რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რისკი არ გაშინებთ. გაცილებით ნაკლები - 73,8 მილიონი ნახვა ჰქონდა Nike-ის მეორე სარეკლამო რგოლს The Last Game, რომელიც კომპანიამ სპეციალურად მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის გამოუშვა.

YouTube-ის მომხმარებელთა განსაკუთარებული ინტერესი დაიმსახურა ლუდის კომპანია ”ბუდვაიზერის” Super Bowl XLVIII-ის სარეკლამო რგოლმა. Puppy Love - ასე ჰქვია კომპანიის სარეკლამო რგოლს, რომელიც 29 იანვარს გამოვიდა და 53,9 მილიონი ნახვა დააგროვა.

რეიტინგში მოხვდა ”ბუდვაიზერის” კიდევ ერთი რეკლამა - Friends Are Waiting, რომელიც კომპანიამ 19 სექტემბერს გამოუშვა. ამ პერიოდის განმავლობაში რგოლს 19,8 მილიონი ნახვა ჰქონდა.

YouTube-ის მონაცემებით, ათეულის ბოლო პოზიცია ”ჰეინეკენის” სარეკლამო რგოლმა დაიკავა, რომელსაც 22 ივლისიდან მოყოლებული 13,8 მილიონი ნახვა ჰქონდა.