პროდუქტები, რომელიც 2021 წელს საქართველომ ექსპორტიორ ქვეყნებში გააბრუნა ან გაანადგურა

კარტოფილი, პომიდორი, ხახვი, ქათმის გაყინული ხორცი - ეს იმ პროდუქტების ნაწილია, რომელიც სხვადასხვა დაავადებებისა თუ დოკუმენტაციის არქონის გამო, 2021 წელს საქართველომ ექსპორტიორ ქვეყნებში უკან გააბრუნა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, 110 310 კილოგრამი სიმინდი უკრაინას დაუბრუნდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას, გამოვლინდა დარღვევა, ტვირთს არ გააჩნდა შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.

2021 წლის თებერვალში ჯამში 49 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი დაექვემდებარა თურქეთში გაბრუნებას. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

მიმდინარე წლის აპრილში ასევე ექსპორტიორ თურქეთში გაბრუნდა 45 500 კილოგრამი ხახვიც. საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს.

ამავე წელს, მავნე ორგანიზმებით დაავადებული 5 700 ცალი ყვავილი განადგურდა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კენიის რესპუბლიკიდან შემოვიდა.

მიმდინარე წელს, 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების, ხილ-ბოსტნეულით, დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა საქართველოში, საიდანაც ნაწილი უკან გაბრუნდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებში, მავნე საკარანტინო ორგანიზმები გამოვლინდა.

31 მაისს უკან, თურქეთის რესპუბლიკაში გაბრუნდა 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორციც. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას, საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა, იდენტურობის შემოწმება, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.

ნინი ქეთელაური