რას აკეთებენ და სად სძინავთ რეგიონების წარმომადგენლებს?! - შოთა ბურჯანაძე თბილისში რესტორნებისთვის გარე სივრცეების იჯარის მოხსნაზე

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებს გარე სივრცეების იჯარა წლის ბოლომდე მოეხსნათ, 200-მდე რესტორანი ისარგებლებს. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიის მიერ დაწესებული შეღავათები მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, რეგიონებში ვითარება ჯერ კიდევ რთულად არის. მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლებები შესაბამის მიმართვებზეც არ რეაგირებენ.

„ძალიან დიდი მადლობა, მერიას. დიდი მადლობა, ირაკლი ხმალაძეს, რომელთანაც შეხვედრა გვქონდა წინა კვირას. ეს გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს, უბრალოდ, ახლა გამოცხადდა. ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. შეეხება მხოლოდ 200 რესტორანს, იმიტომ, რომ ყველას არ აქვს იჯარა გარეთ აღებული.

მერია 5 000 ლარითაც დაეხმარა 400-მდე რესტორანს და მინდა, ასეთი კითხვა დავსვა, რას აკეთებენ და სად სძინავთ დანარჩენ საქართველოში, სხვადსხვა ქალაქების თუ რეგიონების წარმომადგენლებს?! მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თუ მერიას შეუძია ეს საკითხი ერთ დღეში გადაწყვიტოს. ეს არის მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი, რომლებსაც ჩვენ მივმართეთ წერილობით, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, გორში. მოთხოვნა ხომ არის, რომ 5 000 ლარით დაეხმარეთ?! თხოვნაა, რისი შესაძლებლობაც გაქვთ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ნინი ქეთელაური