კახეთსა და ქვემო ქართლში ჟოლოს პირველი მოსავლის აღება დაიწყო. ფერმერები აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს სეზონი ადრე დაიწყო. ამის შესახებ დარგის პორტალი EastFruit იუწყება.
პორტალის წინასწარი მონაცემებით, მოსავალი კარგია, რასაც გაზაფხულის კარგმა ამინდებმაც შეუწყო ხელი. თუმცა ჟოლოს მოსავალს ზაფხულის სიცხეებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას, რადგან საქართველოში ბაღების უმრავლესობას მზისდამცავი ბადეები არ გააჩნია.
ორშაბათიდან Carrefour-ის სუპერმარკეტების ქსელში Siamo-ს ბრენდის კახური ჟოლო გამოჩნდა, რომელსაც კოოპერატივი Agrostore აწარმოებს. ქსელში მისი ფასი კილოგრამზე 19 ლარია (5,8 დოლარია). Agrostore-ში მოელიან, რომ მაღალი ფასი მხოლოდ დასაწყისში კი არა, მთელ სეზონზე შენარჩუნდება, რადგან ბრენდს მაღალი ხარისხის ორგანული ჟოლო მოჰყავს.
რაც შეეხება ქვემო ქართლს, იქაური ორგანული ჟოლოს მომყვანი კომპანია Berry-Berry-ია, თუმცა მისი მოსავლის პირველი პარტია გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოჩნდება. მაღალი ხარისხის ჟოლოს Berry-Berry სუპერმარკეტების ქსელში შეიტანს, სადაც კილოგრამს 10-11 ლარად (3,1-3,4 დოლარად) გაყიდის, ხოლო მეორე ხარისხის მოსავალს ხილის გადამამუშავებელ კომპანია Glenberry-ს მიჰყიდის, რომელიც ფერმერებს კილოგრამზე 5-6 ლარს (1,2-1,8 დოლარს) სთავაზობს.
EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით, გასულ სეზონზე ჟოლოს პირველადი საშუალო ფასი 11 ივნისს დაფიქსირდა და კილოგრამზე 10 ლარი (3,3 დოლარი) შეადგინა, მაგრამ მიწოდების ზრდასთან ერთად, ივნის-ივლისში ფასი 6-7 ლარამდე (2-2,3 დოლარამდე) დაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ