ქართული ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს - FAO

ქართული ჩურჩხელა შესაძლოა, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს - ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტმა ანდრი იარმაკიმ განაცხადა. როგორც East-Fruit-ი წერს, ამით იარმაკი მსოფლიო თხილის ბაზარზე არსებულ კონკურენციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მზარდი გლობალური კონკურენციის საფრთხეებს საქართველო თხილისგან დამზადებული პროდუქტებით უნდა ებრძოლოს ანუ პროდუქტებში გამოყენებულ თხილს დამატებითი ღირებულება მიენიჭოს და ასევე, უნდა განვითარდეს თხილის გადამუშავება. ექსპერტი ამის საუკეთესო საშუალებად ქართულ ჩურჩხელას ასახელებს.

„საკონდიტრო დარგში ქართული ტრადიციული ჩურჩხელა ჯანსაღი პროდუქტის კონცეფციას მთლიანად შეესაბამება და სწორი განვითარების პირობებში შესაძლოა, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს. მითუმეტეს, ევროპისა და აშშ-ს სუპერმარკეტების ქსელი სულ უფრო მეტ ჯანსაღ საკვებს ეძებს და მსოფლიოში ჯანსაღი კვების ტენდენცია მზარდია. საერთაშორისო დონეზე გეოგრაფიული სახელწოდებით დაცული პროდუქტის სახით, ჩურჩხელის სათანადო დარეგისტრირება და პოპულარიზაცია უნდ მოხდეს. ასე რომ, სრულებით შესაძლებელია ჩურჩხელის კარგად დაპიარება, რომ მსოფლიოში მოდური გახდეს და მასზე კარგი ფული კეთდებოდეს,“ - აცხადებს გაეროს ექსპერტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ