ბელარუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ

ბელარუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებით სარგებლობა აეკრძალათ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ევროკავშირის აკრძალვა, რომელიც ბელარუსის წინააღმდეგ დაკისრებული უფრო ფართო სანქციების ნაწილია, ძალაში ცენტრალური ევროპის დროით შუაღამიდან შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის სახელმწიფო გადამზიდავი „ბელავია“ ახორციელებს ფრენებს, რომლებიც ბელარუსს ევროპის 20 აეროპორტთან, მათ შორის ჰელსინკის, ამსტერდამის, მილანის, ვარშავის, ფრანკფურტის, ბერლინის, მიუნხენის, პარიზის, რომისა და ვენის აეროპორტებთან აკავშირებს.

ამასთან, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას და გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში დაუშვან.

სააგენტო „ევროკონტროლის“ განმარტებით, ამ რეკომენდაციამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 400-მდე სამოქალაქო თვითმფრინავზე, რომლებიც, როგორც წესი, ბელარუსის თავზე ყოველდღე დაფრინავენ.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენისა და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტების გამოყენების აკრძალვის შესახებ დაკავშირებულია 23 მაისის ინციდენტთან, როდესაც Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.