რუსთავში შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა”  გაიმართა

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამართა. ჰაერის ხარისხთან და გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ შეხვედრას ადგილობრივი სკოლების ეკოკლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ქ.რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ გახსნეს. თამარ ალადაშვილმა ქ.რუსთავში ჰაერის დაცვის საკითხებსა და გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით მიმდინარე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

საინფორმაციო შეხვედრაზე თამარ ალადაშვილმა იდეების კონკურსი „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” წარადგინა. კონკურსის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების, მისი გადაჭრის გზების და მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, რუსთავის ჰაერის ხარისხის პროგრამის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ჩაერთონ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებაში. გამარჯევბულ 2 სკოლას გადაეცემა პრიზები წარმოდგენილი იდეების განსახორციელებლად.