ვენეციელებმა საკრუიზო ლაინერი საპროტესტო დერეფნით გააცილეს

ВВС-ის ცნობით, ვენეციაში აქტივისტებმა დიდი საკრუიზო ლაინერის ისტორიულ პორტში ყოფნა გააპროტესტეს. ვენეციელები ნავებში ჩასხდნენ და საპროტესტო დერეფანი შექმნეს, როცა ქალაქიდან უზარმაზარი საკრუიზო გემი MSC Orchestra გადიოდა. ის პირველი საკრუიზო ლაინერია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ვენეციაში შევიდა და ბორტზე 650 მგზავრის აყვანის შემდეგ, შაბათს სამოგზაუროდ ხმელთაშუა ზღვისკენ გაცურა.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ იტალიის ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ვენეციის ისტორიულ პორტში დიდი საკრუიზო ლაინერების შესვლის აკრძალვაზე პირობა დადო. მარტში იტალიის მთავრობამ ქალაქში დიდი გემების, მათ შორის საკრუიზო ლაინერებისა და კონტეინერმზიდების შესვლა აკრძალა. მოსახლეობა შეშფოთებულია წყლის დაბინძურებისა და ქალაქის საძირკვლის წყალქვეშა ეროზიის გამო. თუმცა აკრძალვა ძალაში მას შემდეგ შევა, როცა ვენეციის ირგვლივ ახალი მარშრუტების გასადებად ახალი ტერმინალები აშენდება.

ჯერჯერობით გემებისთვის ვენეციაში შესვლის ერთადერთი გზა ჯუდეკას არხია, სადაც 2019 წლის ივნისში 13-გემბანიანი საკრუიზო ლაინერი MSC Opera ერთ-ერთ ნავსაყუდელსა და იქ მყოფ ტურისტულ ნავს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 5-მა ადამიანმა ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ცნობილმა სახეებმა და კულტურის მოღვაწეებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომ ვენეციაში დიდი გემების გაჩერება აკრძალულიყო.

იტალიის მთავრობის მიმართ გაგზავნილი წერილი ვენეციის მემკვიდრეობის ფონდმა მოამზადა და მას, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, ხელს აწერდნენ მომღერალი მიკ ჯაგერი და რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა. წერილში ეწერა, რომ ვენეცია საფრთხის ქვეშაა და ისტორიული ქალაქი შესაძლოა, საკრუიზო ლაინერებმა წალეკოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ