მსოფლიო ბანკი - სამუშაო ადგილებს ქალები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ

მსოფლიო ბანკის რეკომენდაცით, პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში აუცილებელია ქალების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება და გენდერული თანასწორობის მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება.

„პანდემიამ გენდერული სხვაობა გააღრმავა და ისე, როგორც არასდროს ჩვენ დამატებითი ზომები გვჭირდება ქალების წინ წასაწევად,“ - განუცხადა CNBC-ის მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალურმა დირექტორმა კარენ გროუნმა.

მისი თქმით, მართალია, Covid-19-ის შედეგად სიკვდილიანობა მამაკაცებში უფრო მაღალი იყო, ქალები სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაზარალდნენ.

„ქალები არაპროპორციულად მეტად იყვნენ დასაქმებული ისეთ დაზარალებულ სექტორებში, როგორიცაა სასტუმრო ბიზნესი და ტურიზმი, აგრეთვე, თავის მოვლისა და კოსმეტიკის დარგში, რაც ქალების დამატებითი ვალდებულებაა. მართალია, კოვიდპანდემია ყველასთვის დიდი შტორმია, მაგრამ მან მართლა განსხვავებულად დაარტყა ქალებსა და მამაკაცებს,“ - აცხადებს კარენ გროუნი.

ჯერ კიდევ პანდემიამდე მსოფლიო ბანკმა გამოიკვლია, რომ ქალებს კიდევ 150 წელი დასჭირდებოდათ, რომ მამაკაცებთან სრული გენდერული თანასწორობისთვის მიეღწიათ, ხოლო კრიზისმა ეს ვადა კიდევ უფრო გაახანგრძლივა.

„ამ არათანასწორობის გადასალახად უკიდურესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ ვაქცინების მიმართ თანაბარი წვდომა. ქალებს დრო და საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ვაქცინაციისთვის ჩაეწერონ. გარდა ამისა, საჭიროა ქალებისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა თავის მოვლის პროცესში, რომ მათ სწრაფად შეძლონ ფეხზე დადგომა და სამუშაოზე დაბრუნება,“ - აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.

მისი მონაცემებით, კოვიდპანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებიც გახშირდა და აუცილებელი ზომები გენდერული ძალადობის წინააღმდეგაც გადასადგმელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ