ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საბარათე ინსტრუმენტების მონაცემები დაემატა

აპრილიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის პლატფორმაზე, სხვა არსებულ ინფორმაციასთან ერთად, საბარათე ინსტრუმენტისა და მისი გამოყენების შესახებ აგრეგირებული მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი ინფორმაცია ოთხ მწკრივად არის წარმოდგენილი და მოიცავს საქართველოში გამოშვებული საგადახდო ბარათების, საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციების და ქვეყანაში განლაგებული საბარათე მოწყობილობების შესახებ მონაცემებს.

banki-1623057243.jpg

„მწკრივებში არსებულ ცხრილებს თან ერთვის შესაბამისი დიაგრამები. გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტების და მათ მიერ შესრულებული ოპერაციების შესახებ სასურველი ინფორმაციის მიღება შემდეგი ფილტრების გამოყენებითაა შესაძლებელი:

  • საბარათე ინსტრუმენტების ტიპი (ვიზა, მასტერქარდი და ა.შ.)
  • საბარათე ინსტრუმენტის სახეობა (საკრედიტო, სადებეტო და სხვა)
  • საბარათე ოპერაციის გეოგრაფიული არეალი (ქვეყნის შიგნით, გარეთ)
  • საბარათე მოწყობილობები (ბანკომატი, პოს-ტერმინალი)

მომდევნო ეტაპზე საბარათე ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის უფრო დეტალურ ჭრილში წარმოდგენაა დაგეგმილი.

ინტერაქტიული სტატისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმის (Tableau BI) გამოყენებით, სებსტატის მონაცემთა ბაზის საფუძველზე მომზადდა. მონაცემები ყოველთვიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე. წარმოდგენილი ინფორმაცია დაეხმარება როგორც საგადახდო ბაზრის მონაწილეებს (კომერციულ ბანკებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს), ასევე, ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.