ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროკავშირის თაოსნობით, “ნამახვანესთან” დაკავშირებით მედიაცია გაიმართება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროკავშირის თაოსნობით, “ნამახვანესთან” დაკავშირებით მედიაცია გაიმართება. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ხელისუფლებას მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანია „ენკასთან“, რომელიც მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნას.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტეთ, პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, მათ შორის მედიაციის პროცესი, ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ისინი მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უფრო, უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე. მაგალითად. კაშხლის მშენებლობის სრული გადაწევა, დამატებით ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, ყველა დამატებითი დასკვნის და კვლევის გახსნა, რაც როგორც წესი, არ არის ხოლმე მოთხოვნილი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ რადგან ასეთი მაღალი ინტერესია, ესეც არის გახსნილი. ასევე, იცით, რომ ჩავატარეთ ექსპერტებთან შეხვედრა, ჩვენ ველოდებით როდის დაგვიბრუნდება დასკვნა, რომელსაც შემდეგ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს. საკმაოდ კარგი პროცესი მიდის“,-განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, "ნამახვანჰესის" მშენებლობას "რიონის ხეობის მცველები" უკვე 200 დღეზე მეტია აპროტესტებენ.