თეონა ჭალიძე სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და უფასო სასადილოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და უფასო სასადილოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ჭალიძე განმარტავს, აღნიშნულ დაწესებულებებში „არ ადარდებთ არსებული ჯარიმები და უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან უსაფრთხოების წესების დაცვას, რაზეც ბავშვების, მოსწავლეებისა და უფასო სასადილოების ბენეფიციარების ჯანმრთელობაა დამოკიდებული".

მისივე თქმით, ბაგა-ბაღებში, სკოლებში და უფასო სასადილოებში ბოლო 2 წლის მანძილზე არაერთი დარღვევა გამოვლინდა, შესაბამისად სამუშაოა ამ მიმართულებით ისეთ მექანიზმებზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების, მოსწავლეებისა თუ სასადილოების ბენეფიციარების ჯანმრთელობის მეტად უსაფრთხოებას.

თეონა ჭალიძე აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე ბიზნეს-ოპერატორებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს.

„წლების განმავლობაში ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური სამსახური ვაკვირდებოდით სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და უფასო სასადილოების სამზარეულოებსა და კვების ბლოკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, კერძოდ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გეგმური თუ არაგეგმური ინსპექტირებების დროს აღმოჩენილ დარღვევებს და არსებული სტატისტიკა არასახარბიელოა. როგორც ჩანს, ბიზნეს ოპერატორებს დიდად არ ადარდებთ და არ აშინებთ არსებული ჯარიმები და უპასუხიმგებლოდ ეკიდებიან უსაფრთხოების წესების დაცვას, რაზეც ბავშვების, მოსწავლეებისა და უფასო სასადილოების ბენეფიციარების ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ბოლო ორი წლის მანძილზე იშვიათი არაა შემდეგი სახის დარღვევები ბაგა-ბაღებში, სკოლებში, უფასო სასადილოებში: სამზარეულო არ არის უზრუნველყოფილი ცივი წყლით, სათავსოების კედლები და ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავება დეზინფექციას, ხდება კონდენსატის წარმოქმნა, სამზარეულოს არ გააჩნია გამწოვი, ბაგა-ბაღი არ მარაგდება სასმელი წყლით, სადრენაჟო სისტემა დაზიანებულია, სამზარეულოში დარღვეულია ჰიგიენური ნორმები, ინვენტარი სათანადოდ არ სუფთავდება, არაა ცხელი წყალი, დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი, დარღვეულია მალფუჭებადი სურსათის, ნედლეულის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის კარადაში ანტისანიტარიაა, სამზარეულოს კედლები არაერთგვაროვანია, ცვივა ნაწილაკები და სხვა. ხშირია არაკრიტიკული შეუსაბამობებისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობა ან განმეორებით შეუსრულებლობა, დაფიქსირდა არაერთხელ პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, დარღვეულია ეტიკეტირების წესები, დაფიქსირდა ვადაგასული საკვების განთავსების შემთხვევები, დაფიქსირებულია ათეულობით კრიტიკული შეუსაბამობები.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ სამუშაოა ამ მიმართულებით ისეთ მექანიზმებზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების, მოსწავლეებისა თუ სასადილოების ბენეფიციარების ჯანმრთელობის მეტად უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც ოპერირებენ აღნიშნულ დაწესებულებებში, განსაკუთრებული პასუხიმგებლობა გამოიჩინონ და ზედმიწევნით დაიცვან სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი. ყველა იმ პირს კი ვინც ზრუნავს სურსათის უვნებლობაზე და კვების უსაფრთხოებაზე სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს ვულოცავ“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.