პენტაგონი SpaceX-ის რაკეტებს სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოიყენებს

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბი იწყებს პროგრამას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სატვირთო გადაზიდვებისთვის SpaceX-ის მსგავსი მრავალჯერადი რაკეტების გამოყენებას გულისხმობს.

პენტაგონის განცხადებას CNBC ავრცელებს და მასში ნათქვამია, რომ „Rocket Cargo“-ს სახელწოდების სამხედრო-ექსპერიმენტულ პროგრამას აშშ-ს კოსმოსური ძალები გაუძღვება. ექსპერიმენტის ფარგლებში გამოიკვლევენ და განავითარებენ შესაძლებლობებს, თუ როგორ მოხდება რაკეტის დაშვება ისეთ ზედაპირზე, სადაც თვითმფირნავი ვერ ჯდება. აგრეთვე, მოხდება რაკეტის სატვირთო ნაწილის დაპროექტება, სწრაფი დატვირთვისა და გადმოტვირთვის ლოგისტიკის შემუშავება, ატმოსფეროში დაბრუნების შემდეგ ჰაერიდან ტვირთის ჩამოყრა ისეთი ადგილების მომსახურებისთვის, სადაც მისი დაშვება შეუძლებელია.

Rocket Cargo-ს პროგრამისთვის პენტაგონმა სამხედრო-საჰაერო ძალების 2022 წლის ბიუჯეტიდან 50 მლნ დოლარი გამოყო, რათა გასულ წელს დაწყებული კონცეპტუალური კვლევითი სამუშაოები გაგრძელდეს. შარშან საჰაერო ძალებმა SpaceX-თან და Exploration Architecture Corporation-თან კვლევის ფარგლებში მცირე კონტრაქტებიც დადო.

პენტაგონი ეფექტიანად მიიჩნევს SpaceX-ის მიერ დამზადებულ Starship-ის რაკეტებს. Rocket Cargo-ს ექსპერიმენტში მთლიანად მრავალჯერად კერძო რაკეტებს გამოიყენებენ, რომლებიც 30-დან 100 ტონამდე ტვირთის გადატანას შეძლებენ. ასეთი რესურსების რაკეტად ამ ეტაპისთვის სწორედ Starship არის მიჩნეული. წერტილიდან წერტილამდე კოსმოსური ტრანსპორტირება გულისხმობს ერთი ადგილიდან რაკეტის კოსმოსში გაშვებას და მეორე ადგილზე დაშვებას, რაც მას ჰიპოთეტურად მარაგების მიწოდების ან ადამიანების გადაყვანის საშუალებად გადააქცევს. ეს დროის უსწრაფეს პერიოდში, საათის განმავლობაში ხდება. SpaceX პირველია, სადაც რაკეტის ტრადიციულ ერთჯერად კი არა, მრავალჯერად გამოყენებაზე ტარდება ცდები. ახლახან Starship-ის დაშვების წარმატებული ტესტირება SpaceX-მა ტეხასის თავის საწარმოში ჩაატარა. მართალია, რაკეტა ორბიტაზე არ გასულა, მაგრამ მცირე სიმაღლეზე აფრენის შემდეგ დედამიწაზე წარმატებით დაეშვა და არ აფეთქებულა.

Rocket Cargo-ს ექსპერიმენტული პროგრამის ფარგლებში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები SpaceX-ის გარდა, სხვა კომპანიებთანაც გააფორმებს კონტრაქტებს, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებზე მუშაობენ. თუმცა მათი ვინაობა და კონტრაქტების გაფორმების თარიღი ჯერ არ სახელდება.

მოამზადა ლადი სულაბერიძემ