Google ფრანგ მარეგულირებლებს 220 მლნ ევროს გადაუხდის

Google დათანხმდა, გადაიხადოს 220 მლნ ევროს (268 მლნ დოლარის) ჯარიმა, რომელიც მას საფრანგეთის კონკურენციის სააგენტოს გამოძიების შედეგად დაეკისრა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ფრანგი მარეგულირებლები ტექნოლოგიურ გიგანტს სარეკლამო პლატფორმის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ Google თავის სარეკლამო სერვერისთვის ბიზნეს-კომპანიებს არასამართლებრივად არჩევს, რაც კონკურენტებს აზარალებს.

ჯარიმის გადახდის გარდა, Google პირობას დებს, რომ Google Ad Manager-ის სერვისებს მესამე მხარესთან შესაბამისობაში მოიყვანს.

„Google-ისთვის ჯარიმის დაწესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მან ონლაინ-რეკლამისთვის აუქციონის რთული ალგორითმული პროცესი მსოფლიოში პირველმა დანერგა,“ - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იზაბელ დე სილვა.

Google-ის საქმე დაკავშირებულია რუპერტ მერდოკის News Corp-ის, ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სა და ბელგიურ მედიაჯგუფ Rossel La Voix-ის სარჩელთან, რომლებმაც ანტიმონოპოლიურ სამსახურს 2019 წელს მიმართეს. იმავე წელს ფრანგმა მარეგულირებლებმა ონლაინ-რეკლამის გამო Google ერთხელ უკვე დააჯარიმეს, რამაც 150 მლნ ევრო შეადგნა.

ტექნოლოგიურ კომპანიას ახლო მომავალში კიდევ ერთი ჯარიმა ემუქრება. გერმანიის კონკურენციის სააგენტომ Google Alphabet-ის ახალი ამბების გვერდის გამო გამოძიება დაიწყო. გერმანელების მტკიცებით, Google news ცალკეულ გამომცემლებს შორის დისკრიმინაციას ეწევა და გამომცემლებისა და ახალი ამბების პროვაიდერების კონკურენტულ შეთავაზებებს დევნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ