მინისტრი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე - როგორია ლაშა ხუციშვილის ფინანსური მდგომარეობა

ლაშა ხუციშვილი ფინანსთა მინისტრად მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე ის, წინამორბედის, ვანო მაჭავარიანის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„ბიზნესპრესნიუსი“დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ფინანსისტი.

ლაშა ხუციშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 24 მარტს, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში შეავსო. როგორც დოკუმენტიდან ჩანს, არა მხოლოდ მის სახელზე არ ფიქსირდება უძრავ-მოძრავი ქონება, არამედ მისი მეუღლის საკუთრებაშიც მხოლოდ ავტომობილი Jeep Compass, 2006-ია რეგისტრირებული.

რაც შეეხება ლაშა ხუციშვილის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

,,თიბისი ბანკის“ სახელფასოზე - 11 638 ლარს, მიმდინარეზე - 3 576 აშშ დოლარს, ხოლო დანაზოგის სახით - 3500 ლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლაშა ხუციშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით, 69 600 ლარი აქვს აღებული.

ნინი ქეთელაური