,,თითქმის 95%-ით დავუბრუნდით 2019 წლის მაისის მაჩვენებლებს“ - Castello Mare

მაისში, მას შემდეგ, რაც ხელახლა გაიხსნა სასტუმრო, თითქმის 95%-ით დავუბრუნდით 2019 წლის მაისის მაჩვენებლებს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ციხისძირში მდებარე სასტუმროს Castello Mare-ს მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერმა მანო კუჭუხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველად ზრდა მხოლოდ შიდა ტურისტებზე მოდიოდა, თუმცა მოგვიანებით, უცხოელი სტუმრებიც მიიღეს.

,,წინასწარი ჯავშნები უცხოელი ტურისტებისაგან უკვე გვაქვს, როგორც მეზობელი ქვეყნებისგან, ასევე პოლონეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. მოგეხსენებათ, ჩვენ, მაისში დავბრუნდით რამდენიმეთვიანი გაჩერების შემდეგ და მოლოდინთან შედარებით ბევრად უკეთესი თვე გვქონდა. თითქმის 95%-ით დავუბრუნდით 2019 წლის მაისის მაჩვენებლებს. როგორც მოლოდნი გვქონდა, პანდემიამ შეცვალა მომხმარებლის ქცევა და ჯავშნები კეთდება ძალიან მცირე დროით, 2-3 დღით ადრე.

ზრდა, თავიდან ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე იყო, თუმცა ბოლო ორი კვირა, როცა ყაზახეთიდან და საამიროებიდან ფრენები დაიწყო, უცხოელი სტუმრებიც გვყავს.

მაისი კარგი თვე იყო პანდემიის ფონზე. ყველაფერს ვადარებთ 2019 წელს და არა 2020-ს, რომელიც აბსოლუტურად მკვდარი წელი იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი მაინც ქართულ ბაზარზე აქტიურმა მუშაობამაც განაპირობა“, - განაცხადა კუჭუხიძემ.

მისივე თქმით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ხარჯები, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი.

ცნობისათვის, ციხისძირში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პანდემიის პირველ ეტაპზე საკარანტინე სივრცე იყო, ხოლო შემდეგ სრულად დახურვა მოუწიათ.

თამარ მუკბანიანი