„ექსპორტი ყოველწლიურად ორმაგდება“ - სად გადის და როგორია ქართულ ჩურჩხელაზე მოთხოვნა

ქართული ჩურჩხელა შესაძლოა, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს - ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტმა ანდრი იარმაკიმ განაცხადა. იარმაკის პოზიციას ცალსახად იზიარებენ პროდუქტის მწარმოებლები და აცხადებენ, რომ მოთხოვნა მსოფლიოდან მზარდია.

კომპანია ,,ნუგბარის“ დირექტორის მოადგილე გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ ქართულ ჩურჩხელაზე მოთხოვნა ყოველწლიურად ორმაგდება.

,,ჩვენი პროდუქცია უკვე 16 ქვეყანაში გადის. რუსეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ისრაელში. მოთხოვნა მზარდია, ექსპორტი ყოველწლიურად ორმაგდება. ვერ გეტყვით ზუსტ მონაცემს, რამდენი ჩურჩხელა გადის წლიურად და როგორია მოცულობა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ დიდ ზრდაზე და ინტერესზე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, პანდემიის დროს საქართველოში მოთხოვნა და რეალიზაცია თითქმის 80%-ით შემცირდა“,- განაცხადა მაჭავარიანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ჯერ ექსპორტზე არ გადის, თუმცა ამ მიმართულებით ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია ,,ბადაგი“.

,,ჩვენ არ გაგვაქვს ჩურჩხელა საზღვრებს გარეთ და არც გვქონია ექსპორტის გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ დღეში 10 000 ჩურჩხელას ვაწარმოებთ, ათვისება მხოლოდ ქვეყნის შიდა ბაზარზე ხდება.

ახლა ვგეგმავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას. უკვე ვამზადებთ ვაკუუმ შეფუთვებს და ვიწყებთ ამაზე მუშაობას. ცხადია, კოვიდმა ეს პროცესი დროში გაწელა. თუმცა, ახლა მოლაპარაკებები გვაქვს და პროდუქციას დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, გერმანიასა და აშშ-ში გავიტანთ“ - განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია ,,ბადაგში“.

თამარ მუკბანიანი