მსოფლიოში ნუშზე მოთხოვნა იზრდება - წელს ბაზარზე 1,7 მლნ ტონა პროდუქტს ელოდებიან

შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ნუში თხილთან შედარებით იაფია, დაბალი ფასის გამო კი მსოფლიო ბაზარზე იზრდება ნუშის მიწოდებაც, რის გამოც ევროპის საკონდიტრო მრეწველობა სწორედ ამ პროდუქტის მოხმარებაზე გადადის.

„მაშინ, როცა ნუშის ფასი, დაახლოებით, 4,50-5 დოლარს შეადგენს, ჩვენ თხილის გაყიდვას 6,5-7 დოლარად ვცდილობთ. წელს ნუშის ფასი უფრო დაბალია, რაც იშვიათი შემთხვევაა. თუ 5 და 7 დოლარის პროდუქციას ერთმანეთს ერთი სატვირთო მანქანის მასშტაბით შევადარებთ, სხვაობა საგრძნობი იქნება,“ - ნათქვამია შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებაში.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2020-2021 სეზონურ წელს, 2019-2020 წელთან შედარებით, მსოფლიოში ნუშის წარმოება 15%-ით გაიზრდება და სეზონზე გარჩეული ნუშის მოცულობა 1,7 მლნ ტონა იქნება. ნუშის მსოფლიო მოხმარება 1,5 მლნ ტონას მიაღწევს, ხოლო ექსპორტი 15%-ით, 951 ათას ტონამდე გაიზრდება. მარტო აშშ-ში მოსავლის ფართობის გაზრდის შედეგად ნუშის წარმოება 18%-ით, 1,4 მლნ ტონამდე გაიზრდება. აქედან 60% ექსპორტზეა გათვლილი და მოელიან, რომ საგარეო ბაზარზე გაყიდვები 13%-ით, 825 ათას ტონამდე მოიმატებს. აშშ ნუშის მიწოდების გაზრდას ევროკავშირის, ინდოეთისა და აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე გეგმავს.

ევროკავშირის ქვეყნებში ნუშის 2%-ით მეტ მოსავალს პროგნოზირებენ და მოელიან, რომ ის 140 ათას ტონას შეადგენს. იმპორტი 15%-ით, 325 ათას ტონამდე გაიზრდება, რადგან საკვები ინგრედიენტების, საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებლებისა და ჯანსაღი კვების მიმდევრების მხრიდან მოთხოვნა დიდია. ჩინეთში იმპორტი 50%-ით, 100 ათას ტონამდე გაიზრდება, რადგან კოვიდპანდემიის დროს დაკეტილი გადამამუშავებელი წარმოებები ხელახლა გაიხსნა და 2020 წელს ნუშზე შემცირებული მიწოდება მასზე უპრეცედენტოდ გაზრდილმა მოთხოვნამ ჩაანაცვლა.

ნუშის უფრო მეტ მოსავალს ელოდებიან ავსტრალიაშიც. იქ მოსავალი 8%-ით მეტი იქნება და 120 ათას ტონას შეადგენს. ავსტრალიური ნუშის ექსპორტი 31%-ით გაიზრდება და 85 ათას ტონას მიაღწევს, რადგან ევროკავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის მხრიდან მოთხოვნა დიდია. ინდოეთში ნუშის იმპორტი 20%-ით გაიზრდება და 125 ათას ტონას შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ