მსოფლიო ბირჟების საინვესტიციო ფონდებმა მაისში 61 ტონა ოქრო შეიძინეს

მსოფლიო ბირჟების საინვესტიციო ფონდებმა (exchange traded funds-ETF) სამთვიანი გადინების შემდეგ, მაისში 61,3 ტონა ოქრო 3,4 მილიარდ დოლარად შეიძინეს. მონაცემებს World Gold Council (WGC) აქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოქროზე ფასის ზრდასთან ერთად საინვესტიციო მოთხოვნაც იზრდება, რაც აშშ-ში დაწყებული ინფლაციისა და დოლარის კურსის შემცირების ფონზე ხდება.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ETF-ებმა მთლიანობაში 7 მლრდ დოლარის 133,6 ტონა ოქრო დაკარგეს. მაისის ბოლოსთვის ETF-ის ოქროს მარაგმა ჯამში 3,628 ტონა შეადგინა, რაც 221,9 მლრდ დოლარის ღირებულებისაა.

ივნისის დასაწყისში ოქროს ფასმა 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოს ფიუჩერსების ფასი უნციაზე 1918 დოლარამდე გაიზარდა, მაისში კი ოქრო 8%-ით გაძვირდა. ეს გასული წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დიდი თვიური ზრდა იყო.

კოკა კვირკველია