Financial Times -  მიკროჩიპების დეფიციტი 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება

მსოფლიოში ელექტრონიკის უმსხვილეს მიმწოდებელ კომპანია Flextronics-ში ვარაუდობენ, რომ მიკროსქემების უკმარისობა გლობალურ ბაზარზე სულ მცირე 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.

Flextronics-ის ტოპ-მენეჯერი, ლინ თორელი აცხადებს, რომ დეფიციტის დასრულებაზე მიკროსქემების მწარმოებლების პროგნოზი არაერთგვაროვანია.

„მიკროსქემებზე არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე დეფიციტს 2022 წლის მეორე ნახევრამდე ან მომავალი წლის ბოლომდე ვიგრძნობთ, ზოგიერთები კი ვარაუდობენ, რომ პრობლემა 2023 წლამდე არ აღმოიფხვრება,“ - განაცხადა თორელმა.

მანამდე ამერიკული კომპანია IBM-ის პრეზიდენტი ჯეიმს უაიტჰერსტი ვარაუდობდა, რომ მიკროსქემების გლობალური დეფიციტი საგრძნობი იქნება მომდევნო 2 წლის განმავლობაში. მან BBC-ის განუცხადა, რომ წარმოების საკმარისი სიმძლავრეების შექმნას რამდენიმე წელი დასჭირდება.

მიკროსქემების გლობალური დეფიციტი, რომელიც ცალკეულ დარგებზე მკვეთრად ნეგატიურად აისახა, გამოწვეულია პანდემიის პირობებში საყოფაცხოვრებო ელექტრონიკაზე და ავტომობილებზე, უპირეველეს ყოვლისა კი ტელევიზორებზე, ტელეფონებზე და სათამაშო კონსოლებზე გაზრდილი მოთხოვნით.

პრობლემა გააღრმავა იანვრის ზამთრის შტორმმა ტექსასის შტატში, სადაც მიკროჩიპების მწარმოებელი ზოგიერთი კომპანიის საწარმო არის განთავსებული. ამას დაემატა იაპონიაში კომპანია Renesas Electronics-ში გაჩენილი ხანძარი, რომელშიც მიკროჩიპების გლობალური ბაზრის 17%-ს აწარმოებდნენ.

კოკა კვირკველია