კალაძე - თბილისში დღეს არ ხორციელდება არც ერთი პროექტი, თუ გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მან მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებთა კეთილდღეობისთვის სამუშაოებს მომავალშიც გააგრძელებს.

„ჯერ კიდევ 2017 წლს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არცერთ ნებართვას და არც მოხდებოდა ისეთ ადგილებში მშენებლობების განხორციელება, სადაც იყო რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები, სპორტული კომპლექსები. ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

განვლილი წლების მანძილზე შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგად დედაქალაქში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების გატანა და გადამუშავება, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, საითაც მივდივარ და აქაც გვინდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების გადამუშავება და მივიღოთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ეფექტიანი კონტროლი ხორციელდება. კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადობრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.